ფეხბურთი

14:33 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 50 წლის დელ პიერომ შეიძლება ოთხშაბათს, ოფიციალურად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, რომელიც 2025 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.

მოქმედმა პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ, რომელიც ფედერაციას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, უკვე დააყენა თავისი კანდიდატურა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რათა გააგრძელოს იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელობა, თუმცა, შეიძლება დელ პიეროს სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეს.

იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ალექსს საფეხბურთო ფუნქციონერებისა და კლუბების მხარდაჭერაც აქვს, რაც არჩევნებში მას გამარჯვების შანსს უზრდის, თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ალესანდრო დელ პიერომ 1993-2012 წლებში „იუვენტუსში“ 705 მატჩში 289 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც გოლების, ისე მატჩების რაოდენობით. იტალიის ნაკრებში დელ პიერომ 1995-2008 წლებში 91 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.114972