კალათბურთი

11:22 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბითაძე ტრადიციულად ძირითადში იყო, "ორლანდომ" "დეტროიტს" აჯობა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-18 ტურის შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა". ქართველი კალათბურთელის გუნდი „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდა და ზედიზედ მეორე გამარჯვება, ძალიან დამაჯერებელ ბრძოლაში მოიპოვა. გოგამ და თანაგუნდელებმა მეტოქეს 11-ქულიანი სხვაობით 111-100 აჯობეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძირითად ხუთეულში იყო და პარკეტზე 17:39 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების წევრმა ხსენებულ დროში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 5-დან 4 სროლა გამოიყენა. მათ შორის 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. მისი +- მაჩვენებელი +7 გაუტოლდა, ხოლო თამაში 3 პერსონალური ფოლით დაასრულა.

„ორლანდოდან“ საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო. გერმანელს სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა, მისი მონაგარი კი 30 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი იყო.

„მეჯიქს“ 11 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს, „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.114416