კალათბურთი

23:35 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "დაღლილობაზე არ ვფიქრობ, მთელი აქცენტი გუნდზე მაქვს გაკეთებული"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩისთვის ემზადება.

ქართველმა კალათბურთელებმა შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთეს. მათ გულშემატკივრის მხარდაჭერის და გამარჯვების მოლოდინი აქვთ.

თორნიკე შენგელია: „უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ ფინეთში, ახლა უფრო რთულ თამაშს ველოდებით. ყოველთვის რთულია ისეთ გუნდთან თამაში, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, მოგეხსენებათ, ფინეთი უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, დიდი იმედი გვაქვს, გულშემატკივარი მოვა და მათ წინაშე კიდევ ერთ გამარჯვებას მოვიპოვებთ. რაც შემეხება მე, ალბათ, უფრო მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებ, ახლა მთელი აქცენტი გუნდზე მაქვს გაკეთებული. მეც და ჩვენი სამედიცინო ჯგუფიც ყველანაირად ვცდილობთ, რომ სრულ ფორმაში შევხვდე თამაშს, დაღლილობაზე ნაკლებად ვფიქრობ, ხვალ, გამარჯვებისთვის ვემზადებით. ყველამ დაინახა, თუ როგორი ძლიერია ფინეთი, გარედან სროლით გამოირჩევიან, ჩვენ პირველ მატჩში საკუთარ ფარზე ბევრი შეცდომა გვქონდა და გვინდა, ეს შეცდომები გამოვასწოროთ“.

გიორგი შერმადინი: „ნამდვილად ძალიან კარგი თამაში მოვიგეთ ფინეთში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა თბილისში ვთამაშობთ, ორმაგად მოტივირებულები ვართ და ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვიგოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კალათბურთის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის იმედიც გვაქვს, ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა და იმედია, ახალი სპორტის სასახლე შეივსება და მოგებას ერთად ვიზეიმებთ“.

კახა ჯინჭარაძე: „ფინეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, პატარა წნეხიც გვქონდა, რადგან ფინეთში სახლში ძალიან კარგად თამაშობს. ახლა უფრო თავდაჯერებულები ვართ, უფრო შეთამაშებულებიც და ვეცდებით, რომ სახლში უკეთ ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ იმის საშუალება, რაც პირველ მატჩში მოახერხეს. გულშემატკივარი ჩვენთვის მეექვსე მოთამაშეა და გაგვიხარდება, თუ დარბაზი სავსე იქნება და მხარს დაგვიჭერენ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სერბეთი ლიდერობს 3 მოგებით, დანიას, საქართველოს და ფინეთს თითო მოგება და 2-2 წაგება აქვთ, ფინეთი გასულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, საქართველოს კონკურენტი დანიაა. კარგი ისაა, რომ ჯიკიჩის გუნდი ორივე კონკურენტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ფინეთთან 24 ნოემბერს გამართავს.

0.123977