დღეს, 23 ნოემბერს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 33-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „კოლხეთმა“ „ტორპედოს“ 3:1 მოუგო, „სამგურალმა“ - „სამტრედიას“ - 2:1, „დილამ“ შინ „დინამოს“ აჯობა – 1:0 და ამ გამარჯვებით უეფას კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.
დღის გვიანი მატჩი „ბათუმსა“ და „იბერიას“ შორის, დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს იბერიელმა გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა 64-ე წუთზე თბილისელებმა მაინც გახსნეს ანგარიში, თავი გიორგი ჯგერენაიამ გამოიჩინა. მალევე მასპინძელმა არტემ მილჩენკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა. ლიდერმა „იბერიამ“ 70 ქულა მოაგროვა და უკვე 6 ქულით გაუსწრო უშუალო მდევარ „ტორპედოს.“