ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - ბოლო ორ თვეში პირველი, სეზონში კი, მეორე.
რუბენ ბარახას გუნდი მალევე მერვე წუთზე დაწინაურდა, თუმცა 6 წუთში უგო დურომ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.
თუმცა, დურო ამ მატჩის გმირი იყო, რადგან პირველ ტაიმში სწორედ მან გააკეთა საგოლე პასი, მეორე ნახევრის სტარტზე კი, სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და ავტოგოლი დუბლით გამოასწორა. უნდა აღინიშნოს, რომ „ვალენსიამ“ 50-ე წუთიდან 56-ე წუთამდე სამჯერ გაუტანა „ბეტისს“ და 4:1 დაწინაურდა. სევილიელებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ჩიმი ავილამ შეამცირა სხვაობა - 4:2.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ორი მოგერიება მიითვალა. მიმდინარე სეზონში ქართველს ლა ლიგაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გაშვებული.
„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ მე-18 ადგილზე აღზევდა და თანაც, ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ღამურები“ მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „მალიორკას“ შინ დაუპირისპირდებიან, თუმცა მანამდე ესპანეთის თასზე 26 ნოემბერს, სტუმრად „პარლა ესკუელას“ შეხვდებიან.