გერმანიის II ბუნდესლიგის მე-13 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად „ფიურტი“ 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა კი, მორიგი გოლი გაიტანა.
„კარლსრუემ“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე, 46-ე წუთზე ზივზივაძემ მოახერხა გატანა და ანგარიში გაათანაბრა. ბუდუმ 73-ე წუთზე საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში, რის შემდგომაც ბამბასე კონტემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 79-ე წუთზე ფლორიან შლოიზენერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ის შეძლეს, რომ ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ წონასწორობა ვეღარ აღადგინეს. ბუდუს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ერთ მომენტში მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
ზივზივაძე 93-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას „დარმშტადტის“ ფეხბურთელ ისაკ ლიდბერგთან ერთად ლიდერობს. გარდა ამისა, ქართველის აქტივში 3 საგოლე პასია, ხოლო გერმანიის თასზე ორ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
„კარლსრუე“ 13 ტურის შემდეგ 23 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „პადერბორნს“ ჩამორჩება 1 ქულით, მომდევნო ტურში კი, 1-ელ დეკემბერს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.