„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, კარგი შედეგები არ აქვს. კონტემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა VAR-ი და აღნიშნა, რომ იტალიაში მას კარგად ვერ იყენებენ.
„მძიმე თამაში იქნება, არ დაგვავიწყდეს, რომ „რომამ“ შარშან სეზონი ჩვენზე მაღლა დაასრულა, ევროპა ლიგაზე თამაშობს და კარგი სატრანსფერო ბაზარიც ჰქონდა. ჩემი აზრით, შემადგენლობის და მოლოდინის შესაბამის შედეგებს ვერ აჩვენებს. იმედია, მათი სიტუაცია ჩვენთან თამაშის შემდეგ გამოსწორდება.
ბევრ გუნდს შორის ქულათა მცირე სხვაობაა, კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ სხვებსაც, შორს არ არავინაა. ალბათ, ცოტა გასაკვირია 12 ტურის შემდეგ რამდენიმე გუნდს შორის ასეთი მცირე სხვაობა რომ არის.
რანიერი ჩემი მეგობარია. კლაუდიოს დავურეკე და დაბრუნება მივულოცე, მაგრამ სულ ეს იყო. ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობენ, არ შეიძლება კლაუდიო არ გიყვარდეს. მას ყველგან საუკეთესოს ვუსურვებ, ჩვენთან ორი მატჩის გარდა.
VAR-ი? იმედი მაქვს, რომ ამიერიდან მას უკეთ გამოიყენებენ. „ინტერთან“ შეხვედრაში მსაჯს VAR-ით ოთახიდანაც დაუდასტურეს, რომ კონტაქტი იყო. კი, მაგრამ, ეს რა კონტაქტია? ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტია და ეს ფრენბურთი არ არის“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.