უმცროსი ბორჯღალოსნები 23 ნოემბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიჯრით მე-9 ფინალში ითამაშებენ და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “მარკეტა სთედიუმზე”, თამაში საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე ესპანეთი იქნება.
საქართველო ესპანეთს ფინალში ერთხელ უკვე ეთამაშა. ეს 2019 წელს, კალინინგრადში მოხდა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20:10 გაიმარჯვეს. მანამდე, 2018 წელს საქართველომ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ბოლო სამი ფინალი კი პორტუგალიას მოუგო.
წლევანდელ ჩემპიონატში ესპანელებმა 1/4-ფინალში ბელგია 34:0, ხოლო ნახევარფინალში ჩეხეთი 41:19 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველ ეტაპზე გერმანიას 67:0, ხოლო მეორეზე ნიდერლანდებს 36:5 მოუგო.
ნახევარფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო რაზმში ერთი ცვლილებაა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ამჯერად თამაშს არჩილ ნოზაძე იწყებს.
მრავალფეროვანი შეტევებით ესპანეთთან
უმცროსი ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეტოქეებს ერთი თავით აღემატება.
“მოწინააღმდეგეებიც აღნიშნავენ, რომ ჩვენ მათზე ერთი თავით მაღლა ვართ. წელს მესამე ტურნირს ვატარებთ, თითქმის მთელი წელი ვიმუშავეთ, გაზაფხულსა (იტალიაში) და ზაფხულში (სამხრეთ აფრიკაში) ტიერ1-ის გუნდებთან ვითამაშეთ და ეს ჩვენს განვითარებაზე ნათლად აისახა. მადლობა რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის. იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში გამართულ თამაშებში, ჩვენ არ ვიყავით დომინანტები, ამიტომ სულ საფიქრალი გვქონდა და ამან განვითარების კუთხით დიდი დახმარება გაგვიწია. დარწმუნებული ვარ ამ ტურნირსაც მოვიგებთ და მომავალში ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიან 20 და ეროვნულ ნაკრებებში” - ამბობს სუჯაშვილი და მორკინალების უპირატესობაზე საუბრობს:
“ასეთი დალაგებული შერკინება ამ ასაკში არასდროს გვყოლია. ბიჭები ასაკთან შედარებით დაღვინებულები არიან და ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა. ძალიან მაგარი თაობაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეორე-მესამე ხაზს. ისინი დავალებებს ადვილად უღებენ ალღოს, თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან და ნაკრებსაც აუცილებლად გამოადგებიან”.
“რაც შეეხება მოლით გატანილ ლელოებს, აქ იმხელა უპირატესობა გვაქვს, დაუშვებელი იქნებოდა მისი არგამოყენება. გვაქვს რაღაც კომბინაციები, რომლებიც წინა თამაშში არ გამოვიყენეთ და ამასობაში ფინალიც მოვიდა. ესპანეთთან ვეცდებით უფრო მრავალფეროვანი თამაში ვაჩვენოთ და ყველა კომბინაცია გამოვიყენოთ. სიახლეები გვექნება მოლშიც”.
ბოლო წლებსში ესპანური რაგბი ვითარდება და წელს მათმა 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, ფიჯის დამარცხებით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და იქ გაისადაც ითამაშებს. ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთში იმყოფება და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კანდიდატებს არჩევს, რაც მორაგბეებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
“აშკარაა, რომ ესპანეთში რაგბის განვითარებაზე მუშაობენ. ინდივიდუალურად ძალიან კარგი ბიჭები ყავთ, განსაკუთრებით პირველ ხაზში. ასევე გამოვყოფდი მგეზავს. გუნდურადაც, ისინი დანარჩენ მეტოქეებზე წინ არიან. რა თქმა უნდა ფავორიტები ვართ, თუმცა ყურადღებით ვიქნებით, რათა ჩეხეთის მსგავსი სენსაცია არ განმეორდეს (1/4-ფინალში პორტუგალია დაამარცხა) და ტიტულის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად მაქსიმუმს გავიღებთ” - აღნიშნავს სუჯაშვილი.
2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.
23 ნოემბერი. ფინალი. 20:30 საქ. დრო
საქართველო - ესპანეთი
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კორახაშვილი (ლელო), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
RUGBY.GE