შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ, სადაც ერთა ლიგის პლეი-ოფის მეტოქე გაირკვა (სომხეთის ნაკრები) , საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, მეზობელ - სომხეთთან დაპირისპირება საინტერესო იქნება.
"ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.
ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგაში პირველად წელს იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს ორმატჩიან დუელში შეხვდება. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, საპასუხო კი, 23 მარტს - საქართველოში. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო სეზონს B დივიზიონში გაატარებს, ხოლო დამარცხებული C დივიზიონში.