შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის სტადიის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად, გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეც, რომელთანაც B დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებს.
ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო სეზონშიც B დივიზიონში სათამაშოდ, ორმატჩიანი დუელის გამართვა მოუწევს C დივიზიონის წარმომადგენელთან, რომელმაც თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. წილისყრამდე ვარიანტი ოთხი იყო - ბულგარეთი, სლოვაკეთი, სომხეთი და კოსოვო.
საბოლოოდ, წილისყრით, საქართველოს ნაკრებს მეტოქედ სომხეთის ნაკრები ერგო, რომელსაც 20 მარტს სტუმრად, ხოლო 23 მარტს შინ დაუპირისპირდება. ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.
სომხეთი - საქართველო (20 მარტი)
საქართველო - სომხეთი (23 მარტი)
აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია, რომლებმაც მეორე ყვითელი ბარათები ჩეხეთთან შეხვედრაში მიიღეს.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 ტურში 7 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირზე შესანიშნავი სტარტი აიღო, საწყისი ორი თამაში მოიგო, მაგრამ შემდეგ ოთხ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.