საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ფინეთთან მატჩის (90:83) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გამარჯვებით ბედნიერები არიან და სამ დღეში თბილისში, სავსე დარბაზს ელოდებიან.
„საოცარი თამაში იყო. ვულოცავ გუნდს გამარჯვებას. მწვრთნელმა თამაშის სცენარი გამოიცნო, ფინელები სწრაფად თამაშობდნენ და კარგად ისროდნენ. გადამწყვეტი იყო დაცვაში რიგ მომენტებში კარგი თამაში, სამქულიანებიც კარგად ვისროლეთ და მოვიგეთ. ბედნიერები ვართ გამარჯვებით.
სამ დღეში საქართველოში კიდევ ერთად ვითამაშებთ და იმედი მაქვს, კარგ თამაშს ჩავატარებთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ თამაშს ყველამ უყურა და მომდევნო შეხვედრაში დარბაზი სავსე იქნება, 10 000 გულშემატკივარი დაესწრება. მადლობა ფინეთს შესანიშნავი თამაშისთვის და შევხვდებით საქართველოში.
სასუ სალინი შესანიშნავი კალათბურთელი და დიდებული ადამიანია. ბოლო 5 წელი „ტენერიფეში“ ერთად ვთამაშობდით, ამ სეზონში კი, ის რუმინეთში გადავიდა. ეს ჩვენი საქმეა, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ დიდებული ადამიანია, მიყვარს ეს ბიჭი, მისი ოჯახი. ყოველთვის საუკეთესოს და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სერბეთი ლიდერობს 3 მოგებით, დანიას, საქართველოს და ფინეთს თითო მოგება და 2-2 წაგება აქვთ, ფინეთი გასულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, საქართველოს კონკურენტი დანიაა. კარგი ისაა, რომ ჯიკიჩის გუნდი ორივე კონკურენტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ფინეთთან 24 ნოემბერს გამართავს.