ფეხბურთი

21:25 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

წილისყრამდე კალათები: როგორ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იქნება განთესილი.

რეიტინგში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კოეფიციენტია 29.226, რითაც მონაწილე ნაკრებებს შორის მხოლოდ სლოვენიას, ფინეთსა და სლოვაკეთს უსწრებს, შესაბამისად, სწორედ ეს ოთხი ნაკრებია მეოთხე კალათაში და ისინი ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან.

კოეფიციენტის მიხედვით კალათები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი კალათა: ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები

მეორე კალათა: გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, იტალია

მესამე კალათა: დანია, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი

მეოთხე კალათა: საქართველო, სლოვენია, ფინეთი, სლოვაკეთი

საქართველოს ძალიან მცირე სარეიტინგო ქულა დააკლდა, რომ მესამე კალათაში ყოფილიყო ჩეხეთის ნაცვლად. უკვე ვიცით, რომ საქართველო A ჯგუფში ვერ მოხვდება, რადგან იქ ადგილი ავტომატურად უკავია მასპინძელ სლოვაკეთს, რომელიც ასევე მეოთხე კალათის წარმომადგენელია.

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. ფინალურ ეტაპს სლოვაკეთი 11-28 ივნისს უმასპინძლებს.

საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

0.110873