ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი მზადაა ზაფხულში ალისონ ბეკერს შეელიოს.
TEAMtalk-ის ცნობით, „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის სჯერათ, რომელიც უკვე იყიდეს და მომდევნო სეზონიდან სწორედ მას განიხილავენ პირველ მეკარედ, ამიტომაც, მზად არიან ბრაზილიელი გაყიდონ.
ალისონს გასულ ზაფხულსაც ჰქონდა შეთავაზებები, თუმცა საუდის არაბეთში წასვლაზე უარი თქვა, რადგან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე თამაში სურს. არაბული კლუბების მხრიდან ინტერესი კიდევ არსებობს, თუმცა ალისონის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
გარდა ამისა, „ლივერპულის“ დატოვება შეიძლება სათადარიგო მეკარე კევინ კელეჰერსაც მოუწიოს, რომელსაც ინგლისელები 35 მილიონად აფასებენ. ის უკმაყოფილოა გუნდში მეორე მეკარის როლით და კლუბი მზადაა ისიც გაყიდოს თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველის ინგლისური კარიერა მომდევნო ზაფხულიდან დაიწყება.