კალათბურთი

14:50 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკიში პირველი ვარჯიში URHEA-ს ოლიმპიურ ცენტრში გამართა

ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ urhea-ს დარბაზში, 2 საათის მანძილზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა.

სანამ მოედანზე შევიდოდნენ, ჩვენი ნაკრების წევრები ტრენაჟორებზე მოითელნენ. ისინი ფიზმომზადების მწვრთნელმა – ფილიპ მიჰაილოვიჩმა ავარჯიშა. საკალათბურთო მოედანზე გადასვლის შემდეგ, კალათბურთელებს ძირითადად ერთი ტიპის ვარჯიში ჰქონდათ, რომელიც უშუალოდ კომბინაციების გათამაშებას ეხებოდა.

საქართველო ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე. თბილისში ტრავმირებული გიორგი ოჩხიკიძემ მოედანზე იყო, თუმცა ფეხის ტკივილმა მას აქტიურად ვარჯიშში ჩართვის საშუალება არ მისცა.

პირველად ივარჯიშა ნაკრებთან კამარ ბოლდუინმა, რომელიც დინჯად და მაღალი ოსტატობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ გამთამაშებლის ფუნდამენტურ მოვალეობებს – ბურთის გათამაშებას, დროულ და ზუსტ პასს და, რა თქმა უნდა, ბურთის ჩაგდებას – იქნებოდა ეს შორი და საშუალო სროლით თუ სწრაფი გარღვევით კალათის დალაშქვრა.

ანალოგიური გრაფიკი ექნება ჩვენს ნაკრებს ოთხშაბათსაც, ფინეთთან მატჩის წინა დღეს, თუმცა სავარჯიშოდ ესპოო არენა იქნება – სადაც ფინეთთან მატჩი უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.

GBF.GE

0.152022