ფეხბურთი

16:15 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" იანვარში შესაძლოა ჩეხი თავდამსხმელი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელის დამატებას აპირებს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინელთა სამიზნეში ჩეხი ფეხბურთელი პატრიკ შიკიც მოხვდა.

„იუვეს“ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, ზამთარში უნდა იპოვოს ფორვარდი, რომელსაც იჯარით ან იაფად დაიმატებს. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია შიკი, რომელსაც „ლევერკუზენში“ ბევრი სათამაშო დრო არ აქვს.

შიკი კარგად იცნობს სერია A-ს, რადგან იქ „სამპდორიასა“ და „რომაში“ თამაშობდა. სხვათა შორის, 2017 წლის ზაფხულში ჩეხი ახლოს იყო „იუვეში“ გადასვლასთან, ტურინშიც ჩავიდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რის გამოც ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და საბოლოოდ, ის „რომაში“ გადავიდა.

თუმცა, 7 წლის შემდეგ შეიძლება მაინც აღმოჩნდეს ტურინულ გრანდში. პატრიკ შიკი „ლევერკუზენში“ 2020 წლიდან თამაშობს და 137 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი, მანამდე „ლაიფცგიში“, „რომაში“, „სამპდორიასა“ და „ბოჰემიანსში“ გამოდიოდა.

„იუვე“ ეძებს ფეხბურთელს, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩის სათადარიგო ვარიანტი იქნება. სხვათა შორის, სერბს ამჟამად ტრავმა აქვს, ისევე, როგორც არეკ მილიკს, რის გამოც ტიაგო მოტას გუნდს უახლოესი მატჩების ჩატარება ფორვარდის გარეშე მოუწევს.

თავდამსხმელის გარდა, „იუვენტუსს“ ცენტრალური მცველების შეძენაც მოუწევს, რადგან ხუან კაბალი და გლეისონ ბრემერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. ტურინელთა სიაში არიან ანტონიო სილვა (ბენფიკა), რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი), იაკა ბიოლი (უდინეზე), იაკუბ კივიორი (არსენალი) და ბენუა ბადიაშილე (ჩელსი).

0.06465