ფეხბურთი

5:21 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "უნდა ვიშრომოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თამაშის სტარტი ძალიან ცუდი იყო, რამაც მარცხი განაპირობა.

„პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ, თამაშში ვერ შევედით. ორი გოლი გავუშვით და შემდეგ სამი გოლის გატანა ძალიან ძნელია. ერთი კი გავიტანეთ, მაგრამ არ გვეყო მოსაგებად. შანსი კიდევ გვექნება, უნდა მოვემზადოთ და გამოგვივა, რაც გვინდა. ვიცით, რომ ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვიშრომოთ, რომ მივაღწიოთ მიზანს.

გვინდოდა გამარჯვება, ვერ შევძელით. კარგია, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ მოგება მერჩივნა. კარგი იყო ევროპის ჩემპიონატი და წელი სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა“, - თქვა მიქაუტაძემ "პირველ არხთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა ალბანეთს. სანიოლის გუნდი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის ერთ-ერთ მეორედგილოსანთან. ეს წილისყრით 22 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო სავარაუდო მეტოქეებია სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ჯგუფი 11 ქულით ჩეხეთის ნაკრებმა მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A დივიზიონის პლეი-ოფში ამავე დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ალბანეთი 7 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და C დივიზიონში დაქვეითდა.

0.115381