ფეხბურთი

5:14 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ხარვეზები იყო, აგრესიულობაც გვაკლდა"
"ბოლო პერიოდში მატჩის საწყისი წუთები ჩვენთვის პრობლემა იყო"

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთის ნაკრებთან მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, როდესაც ასეთ გუნდთან ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩები, რთულია სიტუაციის შეცვლა:

"პირველ ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა, ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა.

ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. B ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა ალბანეთს. სანიოლის გუნდი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის ერთ-ერთ მეორედგილოსანთან. ეს წილისყრით 22 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო სავარაუდო მეტოქეებია სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ჯგუფი 11 ქულით ჩეხეთის ნაკრებმა მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A დივიზიონის პლეი-ოფში ამავე დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ალბანეთი 7 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და C დივიზიონში დაქვეითდა.

0.11558