ფეხბურთი

4:22 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი: ყველა მონაწილე ცნობილია, წილისყრა მალე იქნება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პლეი-ოფში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

თუმცა, წინა შემთხვევაში მასპინძლის სტატუსით მიიღო ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, ამჯერად შესარჩევი ეტაპის დაძლევით, რაც პირველად მოხდა.

ევრო 2025 სლოვაკეთში გაიმართება. ტურნირი 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს ფინალით დასრულდება.

ყველა მონაწილე ცნობილია:

სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, დანია, უკრაინა, ინგლისი, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, ჩეხეთი და საქართველო.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს, ბრატისლავაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იქნება განთესილი, თუმცა ჯერ კალათები არ განაწილებულა. მხოლოდ ისაა ჯერ ცნობილი, რომ მასპინძელი სლოვაკეთი A ჯგუფში დაიკავებს ადგილს.

შეიქმნება ოთხი 4-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას. მოკლედ, ფორმატი ევრო 2023-ის იდენტურია.

ტურნირს არ ჰყავს დებიუტანტი, ყველა ნაკრებს უთამაშია აქამდე ახალგაზრდულ ევროზე.

საქართველოს ერთხელ, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

ევრო 2025-ის მასპინძელი ქალაქები არიან: ბრატისლავა, ტრენჩინი, კოშიცე, პრეშოვი, ჟილინა, დუნაისკა სტრედა, ნიტრა და ტრნავა.

0.119988