საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ისაუბრეს.
მედიასთან კომენტარები ვასილიოს გორდეზიანმა, ოთარ მამაგეიშვილმა, ნოდარ ლომინაძე, გაბრიელ სიგუამ და ლუკა ხარატიშვილმა გააკეთეს:
ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან რთული თამაში იყო, მზად ვიყავით პენალტებისთვის, გუშინ ვივარჯიშეთ და საბოლოოდ პენალტებში მოვიგეთ“.
ოთარ მამაგეიშვილი: „ძალიან გახარებული ვარ, ისტორია დავწერეთ, რაც ყველას ძალიან გვინდოდა. ეს არის შრომა, რომელიც ღმერთის წყალობით დაგვიფასდა“.
ნოდარ ლომინაძე: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბევრი რთული მომენტი იყო, რომელიც შეიძლება ბევრს ვერ გადაელახა, მაგრამ ერთად დგომით ჩვენ გადავლახეთ. როგორც ყველა ამბობს, ჩვენი გუნდის მთავარი ძალა ერთიანობაა. მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს ვაჩვენებთ. პენალტების სერიაც ცუდად დაიწყო, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და წინ ბევრი კარგი მომენტი გველოდება“.
გაბრიელ სიგუა: „უზომოდ ბედნიერი ვარ. დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. ბევრი ვიშრომეთ, ყველაფერი ჩავდეთ იმისთვის, რომ ამისთვის მიგვეღწია. სხვა გრძნობაა, როცა ასე დამსახურებულად ხვდები ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ჩანს, რა გზა გვაქვს გავლილი. ევროპის ჩემპიონატზეც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ჩვენი სახელი იქაც დავტოვოთ“.
ლუკა ხარატიშვილი: „უბედნიერესი დღეა ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის, რადგან ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ვულოცავ ყველას. დასანანი გოლი გავუშვით ბოლო წუთებში, შეგვეძლო პენალტების გარეშე მოგვეგო. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც აქ ჩამოვიდა. ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც მაქვს, რადგან დიდ რაღაცას მივაღწიეთ. დაღლილობის მხრივ რთული იყო, მენტალურად, ყველამ ვიცოდით, რა სირთულის თამაში გველოდა. გვქონდა რაღაც შეცდომები, ფეხბურთია ხდება, ისე ვერ წავა ყველაფერი, როგორც გინდა, როგორც დაგეგმილი გაქვს, მაგრამ 100%-ით მზად ვიყავით და ყველაფერი გავაკეთეთ ამ შედეგისთვის. მჯეროდა და მინდოდა, ისე დასრულებულიყო თამაში, როგორც დასრულდა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2023 წელსაც იასპარეზა, ოღონდ მასპინძლის რანგში, სადაც ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გარემოცვაში პირველი ადგილიც დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვსი რიეკადან