ფეხბურთი

1:45 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ჩეხეთში დამარცხდა: წინ B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურში ჩეხეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მარტში ვილი სანიოლის გუნდს დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფის თამაში მოუწევს C დივიზიონის ჯგუფების ერთ-ერთ მესამეადგილოსანთან.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ანგარიშში ჩამორჩა. პაველ შულცმა დაცვაში არსებული სივრცეებით ისარგებლა, გიორგი მამარდაშვილი მოძრაობაზე დაიჭირა და გაიტანა.

20 წუთის შემდეგ ჩეხებმა მეორეც გაიტანეს: ადამ ჰლოჟეკმა საჯარიმო დარტყმა გაუტანა მამარდაშვილს. აღსანიშნავია, რომ ბურთი ზუსტად იქ გაძვრა, სადაც თავიდან კედელში ჩეხი ფეხბურთელები იდგნენ, მოკლედ, ყველაფერი ზუსტად გათვალეს.

საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა და არაფერი გამოსდიოდა. 36-ე წუთზე ვილი სანიოლმა პირველი შეცვლა გააკეთა, გიორგი გველესიანის ნაცვლად თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩართო, რითაც ტაქტიკური მონახაზიც შეცვალა და 4-მცველზე გადავიდა.

შესვენებამდე გვქონდა ანგარიშის შემცირების კარგი შანსი, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც უკრაინასთან, ახლაც არ გაუმართლა, რადგან მისი დარტყმული ბურთი კარის ძელს მოხვდა და ტაიმიც ჩეხეთმა 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა, საქართველოს ნაკრებს ისევ უჭირდა შეტევაში, თუმცა, მე-60 წუთზე სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა. ოთარ კაკაბაძის დაბალი და ფლანგური გადაცემის მერე გიორგი მიქაუტაძემ ერთი შეხებით დიდებულად დაარტყა - 2:1. მიქაუტაძემ ნაკრებში მე-16 გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო, ახლა გიორგი მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ გოლით ჩამორჩება ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას.

საქართველოს ნაკრებს ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა მოედანზე, ჩეხები თავს ძალიან კარგად იცავდნენ. 89-ე წუთზე კარგი შანსი ბუდუ ზივზივაძეს ჰქონდა, მეკარემ მოიგერია და მერე დამატებაზე დავითაშვილის დარტყმა დაბლოკეს. 91-ე წუთზე ბუდუს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როცა ქუსლით დაარტყა და მეკარე კოვარმა ჩეხეთი ისევ გადაარჩინა - ბოლო წუთებში სანიოლის გუნდს ნამდვილად არ გაუმართლა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ჯგუფში საბოლოო ჯამში, 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა ალბანეთს. სანიოლის გუნდი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის ერთ-ერთ მეორედგილოსანთან. ეს წილისყრით 22 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო სავარაუდო მეტოქეებია სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ჯგუფი 11 ქულით ჩეხეთის ნაკრებმა მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A დივიზიონის პლეი-ოფში ამავე დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ალბანეთი 7 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და C დივიზიონში დაქვეითდა.

ჩეხეთი - საქართველო 2:1 (2:0)

ოლომოუცი, „ანდრუვ არენა“

ჩეხეთი (3-4-3): კოვარი; ჰოლეში, იემელკა, ბორილი; ცოუფალი, ჩერვი, კრალი, ჩერნი (პროვოდი 57); შულცი (კუხტა 88), კლიმენტი (ხიტილი 57), ჰლოჟეკი (ლინგრი 75)

მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი (დავითაშვილი 36), კაშია, დვალი; კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 79), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 60), ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 61), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ლობჟანიძე 79)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 ჰლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

გაფრთხილება: ჰოლეში (67), კრალი (75), ხიტილი (90), ცოუფალი (90) - დვალი (23), მიქაუტაძე (35), ლოჩოშვილი (62), კვარაცხელია (90), კაშია (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 11 (5) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)

1. ჩეხეთი 6 3 2 1 9 8 1 11
2. უკრაინა 6 2 2 2 8 8 0 8
3. საქართველო 6 2 1 3 7 6 1 7
4. ალბანეთი 6 2 1 3 4 6 -2 7
0.117687