ფეხბურთი

0:45 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "დაცვაში დისციპლინით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, განსხვავებული თამაში იქნება და ამბიციურად უნდა ითამაშონ:

"ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.

ვეცდებით, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.116128