ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდი უკეთესია და გამარჯვების სჯერა:
„ეს მეორე ტაიმია. მოედანზე თანაფარდობით და 11-11-ზე, მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ამას ხვალ ვაჩვენებთ. მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ მოედანზე 90 წუთი გვაქვს, დასვენებულები და კარგად მომზადებულები ვართ, დიდი შესაძლებლობა გვაქვს.
კარგი ისაა, რომ ბელკარი და ბელიო ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ეს არის დამატებითი ვარიანტები, რომლებიც დაგვეხმარება და გუნდის მდგომარეობა ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე პირველ შეხვედრაში.
სწრაფი გოლის გაშვება შოკი იყო, თანაც ავტოგოლი გავუშვით, თუმცა ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე საინტერესო სიტუაცია შევქმენით. მატიას კარგი შანსი ჰქონდა, ვნახეთ მისი და მეკარის დუელი, სამწუხაროა, რომ VAR-ი არ იყო, თუ არგენტინასთან მატჩში ლივაკოვიჩზე პენალტი იყო, მაშინ ეს სამჯერ უფრო პენალტი იყო. მსაჯმა ეს ვერ დაინახა, ეს თამაშს სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ყველაზე მეტად რამაც გამახარა, ის რეაქციაა, რომელიც გუნდმა ჩვენი მეკარის გაძევების შემდეგ გამოავლინა და ნაკლები ფეხბურთელით თავი კარგად დავიცავით, მეტოქეს ბევრი შანსი არ მივეცით.
რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე თამაში დამატებითი მოტივაციაა ბიჭებისთვის. წინ გვაქვს 90 წუთი და კიდევ დამატებითი დროც, თუ საჭირო გახდა. ამიტომ, ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, რადგან მეტოქემ იცის, როგორ გამოიყენოს შეცდომები და მეტოქე დასაჯოს“, - თქვა ოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.