საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ მამაგეიშვილმა ხორვატიასთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა:
„პატარა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, პირიქით, ახლა მთავარია მზადყოფნაში ვიყოთ, კარგად დავისვენოთ და იმავე შემართებით შევხვდეთ მატჩს, როგორც პირველ თამაშს.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, გვიხარია, რომ ამ დონის მატჩებს ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება ასეთი მატჩები. გვიხარია, რომ ჩვენი შრომით აქამდე მოვედით და შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს გამოცდილებაც და ფსიქოლოგიური მზაობაც ხვალ დიდ როლს ითამაშებს. არაფერს დავაკლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“, - თქვა მამაგეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რიეკადან