ფეხბურთი

21:20 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ ერთად გავიხაროთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვემზადებით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვებრუნებინა ის ძალები, რომელიც პირველმა მატჩმა წაიღო. კიდევ გვაქვს ერთი დღე თამაშამდე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ, ხვალ გუნდი მოედანზე მობილიზებული გავა, ამ მხრივ, არ მგონია, რაიმე პრობლემა შეგვექმნას. რთულ თამაშს ველოდებით, სხვანაირად არ შეიძლება იყოს, რადგან ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს და მთლიანად ხორვატ ერს, მაგრამ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ დღეს აქ ვყოფილიყავით. დღესაც, რომ აქ ვართ, იმის მანიშნებელია, რომ კარგად ვიმუშავეთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ ერთად გავიხაროთ, ხვალ ყველაფერს თამაში გამოაჩენს.

მათ აქვთ ის გამოცდილება, რაც ასეთ მატჩებს სჭირდება. საერთო ჯამში, ყველა ფეხბურთელის იმედი მაქვს, ყველა, ერთი, მთლიანი ორგანიზმის ნაწილია. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება, მაგრამ ყველასი მეიმედება.

ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის ეს იქნება პირველი ევროპის ჩემპიონატი, რაც დიდი ტრამპლინი იქნება, თუ გავალთ. ეს სერიოზული გამოცდილება იქნება, ის გამოცდილება, რომლის გარეშე დიდი ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია. ყველა ეს ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა ეროვნულ ნაკრებთან, რადგან ისინი ქვეყნის მეორე გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან და მათთვის ნებისმიერი გამოცდილება, განსაკუთრებით, ასეთ მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დარწმუნებული ვარ, უფრო სტრესული თამაში იქნება, ვიდრე პირველი მატჩი იყო, რადგან ხორვატებს უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრს გადაწყვეტს ფსიქოლოგიური მომენტები.

ეს ფეხბურთია, სიფრთხილის მომენტები რა თქმა უნდა იყო და უნდა ყოფილიყო კიდეც, რადგან წინ მეორე თამაშია, მაგრამ უნდა აღვნიშნო ასევე, რომ ყველა ცვლილება მიმართული იყო შეტევის გაძლიერებისკენ. რეალურად გვქონდა კიდეც მომენტები, სამწუხაროა, ვერ მოვახერხეთ მეორე გოლის გატანა, მაგრამ წინ მეორე თამაშია.

ჩვენი ერთადერთი და მთავარი მიზანია, გეგმის სისრულეში მოყვანა, რომელიც არსებობს. ხვალინდელი თამაშიც ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ამ გეგმის. ეს გეგმა შემდეგია: მიუხედავად თაობების ცვლილებისა, გვქონდეს სტაბილურობა და დადებითი დინამიკა, რომელიც სანაკრებო ფეხბურთში ბოლო 2-3 წელში ძალიან ბევრია. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მუშაობის შედეგი და ნაყოფი. ხვალ სამი ნაკრების გადამწყვეტი თამაში გვაქვს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, წარმატებები ვუსურვო ეროვნულ და 19-წლამდე ნაკრებებს. ამის უკან დიდი შრომა დგას, ამიტომაცაა, რომ პირველად ვთამაშობთ ასეთი დონის მატჩს. გვინდა ამ დინამიკის შენარჩუნება თაობათა ცვლილებების მიუხედავად, რომ ჩვენი ნებისმიერ ნაკრები თამაშობდეს ხშირად ასეთ მატჩებს. თუ ამ ყველაფერს დაემატება წარმატებული შედეგი, რომელიც ყველას გაგვახარებს, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება, მაგრამ ის გეგმა, რომელსაც მივყვებით, მთავარია, რომ შესრულდეს. მუდმივი, სწორი განვითარება და პოზიტივი - ეს არის მთავარი გეგმა, რომელსაც მივყვებით და ძალიან კარგად მივდივართ. იმედია, ხვალ ამის ნაყოფს მივიღებთ. ასეთი მაღალი დონის თამაშები პირველად შარშან ვითამაშეთ და მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ბირთვი მთლიანად შეიცვალა, მივიღეთ ის სტაბილურობა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს არის მთავარი მიზანი“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რიეკადან

0.137883