ფეხბურთი

19:41 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს კონტრშეტევები ძალიან სახიფათოა"

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე წინა ორი მატჩი ამ ნაკრებებს შორის. როგორც ჰაშეკმა აღნიშნა, საქართველო კარგი გუნდია და ჯგუფში პირველობის შანსი აქვს, ამიტომ, ყურადღებით უნდა ითამაშონ, განსაკუთრებით მეტოქის კონტრშეტევებზე უნდა იყვნენ ფრთხილად:

„ძნელია ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც სოუჩეკია. სამი-ოთხი ვარიანტი გვაქვს და გვჯერა, რომ საუკეთესოს ავარჩევთ და ფეხბურთელი, რომელიც ძირითადში იქნება, მას სათანადოდ შეცვლის.

საქართველომ პირველ მატჩში შესანიშნავად ითამაშა, მეორე მხრივ, ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვმუშაობ. თუმცა, ახლა ეს წარსულია, ვცდილობთ, იმ თამაშისგან ვისწავლოთ. გუნდს, მათ შორის, საქართველოს, შეუძლია ჯგუფის მოგება, ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვითამაშოთ მათი შემტევი ფეხბურთელების წინააღმდეგ და მათ კონტრშეტევებზე, საიდანაც საქართველო ძალიან სახიფათოა.

მიქაუტაძე, კვარაცხელია და დავითაშვილი ამჟამად შესანიშნავ ფორმაში არიან, ისინი ტოპლიგებში თამაშობენ. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვაქვს, ანალიტიკური ჯგუფი აკვირდება ყველაფერს და ვცდილობთ, რომ ჩვენი საუკეთესო შედეგი დავდოთ. ყველა თამაში განსხვავებულია, ისევე, როგორც ჩვენს შორის წინა ორი მატჩი იყო განსხვავებული. თუმცა, მსგავსება ის იყო, რომ ორივე მატჩში საქართველო დაცვის დაბალი ბლოკით თამაშობდა. განსხვავებული თამაში იქნება.

რა თქმა უნდა, სოუჩეკის და ხორის არყოფნა პრობლემაა სიმაღლის თვალსაზრისით და საქართველომ შეიძლება გამოიყვანოს მოედანზე მაღალი ფეხბურთელები, მაგალითად 1.90 მეტრის 5 ფეხბურთელი, ამიტომ, მათ შეიძლება სიმაღლეში მცირე უპირატესობა ჰქონდეთ, მაგრამ მჯერა, რომ სოუჩეკის და ხორის გარეშეც შევძლებთ მეორე სართულზე კარგად თამაშს.

გუნდში იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ხვალინდელი მატჩისთვის კაპიტნად ტომაშ ჰოლეში შევარჩიეთ. ის გუნდის ლიდერია და გადაწყვეტილება ამიტომ მივიღეთ.

კლიმენტს აქვს ძირითადში მოხვედრის შანსი, განურჩევლად იმისა, ოლომოუცში ვითამაშებთ, თუ სხვაგან. ის ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ სხვებსაც შეუძლიათ ძირითადში მოხვედრა“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.116292