ფეხბურთი

17:20 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: მიქაუტაძე შეიძლება "იუვენტუსისთვის" რეალური ვარიანტი გახდეს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, რომ „ლიონის“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება იანვრის სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსისთვის“ რეალურ ვარიანტად იქცეს.

ტურინელები თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც დუშან ვლაჰოვჩის შეცვლის და კონკურენციას გაუწევს, „ლიონის“ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე კი, მიქაუტაძეს შეიძლება ზამთარში კლუბის შეცვლა მოუწიოს.

„იუვენტუსში“ სატრანსფერო ბაზარს ფხიზელი თვალებით ელოდებიან, რაც გარდაუვალია, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდში რამდენიმე პოზიცია გასაძლიერებელია. მაგალითად, დაცვაში გლეისონ ბრემერის და ხუან კაბალის ტრავმების გათვალისწინებით. თუმცა, შეტევასაც სჭირდება ახალი ელემენტები, რათა ვლაჰოვიჩს ზოგჯერ ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, რომელიც გუნდში ერთადერთი ფორვარდია არეკ მილიკის ხანგრძლივის ტრავმის გათვალისწინებით.

ბევრი ფეხბურთელი ახსენეს: იანვრისთვის ჯოშუა ზირკზე და ივნისისთვის ჯონათან დევიდი. სიას კიდევ ერთი თავდამსხმელი უნდა დაემატოს, რომელსაც კრისტიანო ჯუნტოლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიჰყვება - „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.

„ლიონში“ უკიდურესად რთული სიტუაციაა. კლუბს სატრანსფერო ბანი დაადეს და სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში ავტომატურად დაქვეითდება, თუ დავალიანებას ნაწილობრივ მაინც ვერ დაფარავს. შესაბამისად, კლუბი იძულებულია ნაღდი ფული მოიზიდოს, რის გამოც ბაზარზე სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება გაიხსნას.

მათ შორის, უდავოდაა გიორგი მიქაუტაძე, 24 წლის ფორვარდი, რომელიც ჯუნტოლის თვალთახედვის არეში აქამდეც იყო. ის ქართველია, მაგრამ ფრანგული მოქალაქეობაც აქვს. ეს დეტალი კი, სულაც არ არის უმნიშვნელო. ტურინულ კლუბში ლიმიტი უკვე შევსებულია არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე, რის გამოც იუვეს იანვარში ჯონათან დევიდის დამატება არ შეუძლია, მიქაუტაძე კი, შეიძლება „ბიანკონერისთვის“ იანვარში რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდეს, რადგან მას საფრანგეთის პასპორტსაც აქვს“, - წერს გამოცემა, რომლის ვრცელი წერილის დანარჩენი ნაწილი დათმობილია მიქაუტაძის განვლილი კარიერის აღწერას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. „მეციდან“ „ლიონში“ ქართველი 18 მილიონ ევროდ გადავიდა.

0.112257