რაგბი

16:10 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 35:24 ყაზბეგი

ქუთაისის ‘არესმა’ crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით მატჩში, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 35:24 სძლია.

ამ მოგების შემდეგ ‘არესს’ 34 ქულა მოუგროვდა და 2-ით ჩამორჩება ლიდერს, თანაქალაქელ ‘აიას’. აი უახლოეს მდევარს კი მთელი 9 ქულით უსწრებს, რაც მეორე წრის წინ ქუთაისელებს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. ‘ყაზბეგს’ 14 ქულა დარჩა, მე-8 ადგილზეა და როგორც საფლეიოფო, ასევე გასავარდნი ზონიდან, თანაბრადაა დაშორებული.

“აია არენაზე” თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე, ისმაილ მარსაგიშვილმა მარცხენა ალამთან გატანილი ლელოთი ანგარიში გახსნა. მე-8 წუთზე ‘არესმა’ მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი, მას ლაშა ძნელაძემ ფეხი მიკრა და თავისივე დაწყებული კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა. ლაშა გედეხაურმა გარდასახა და სტეფანწმინდელთა უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.

ქუთაისელები არ გატყდნენ, მეტოქის ნახევარზე ფეხი მოიკიდეს, მე-18 წუთამდე ორი მოლი გოგა კობახიძის დუბლით დასრულდა და გიორგი თევდორაძემ ორივე გარდასახა. ტაიმის შუაში თევდორაძეს ფეხით თამაშისას ლაშა გედეხაურმა დაუფარა, თანაც ისე, რომ ბურთი შეინარჩუნა და 80-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა. ‘არესმა’ ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი მოლით უპასუხა, ამჯერად ლელო ირაკლი თევზაძემ გაიტანა, თევდორაძემ გარდასახვებიდან 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და პირველი ნახევარი 21:19 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ‘არესმა’ უპირატესობა 51-ე წუთზე გაზარდა. 5-მეტრიანი შერკინებიდან შეტევის შემდეგ, თევზაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘ყაზბეგი’ თამაშში 69-ე წუთზე დაბრუნდა, მარცხენა ფრთაზე იაგო ხელაძემ მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ლელო ალამთან გაიტანა, თუმცა 3 წუთში ტიმოთი ნაკალევუმ მეტოქის 22-ში შეუტია, მას კარგად მიყვა რუსლან გიგაშვილი და თავისი გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა. თევდორაძემ ხუთივე გარდასახა.

დარჩენილ დროში ერთი ლელოს გატანა ორივე გუნდს დამატებით ქულას მოუტანდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘არესმა’ 35:24 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი თევზაძე გახდა.

RUGBY.GE

0.132752