“მადლობა ბიჭებს თავგანწირული ბრძოლისთვის. მათგან ვიხილეთ საოცარი შემართება და თავგანწირვა ურთულეს გუნდთან, რომელიც ბოლო ორი წელია საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ტიერ1-ის ისეთი გუნდები დაამარცხა, როგორებიც ავსტრალია, უელსი და შოტლანდია არიან, ფრანგებს კი ფრედ ეთამაშა. ასეთი სამწუხარო შედეგის მიუხედავად, იტალიასთან თამაშმა ქართული რაგბის წინსვლა აჩვენა. ნამდვილად საამაყოა, როდესაც ტიერ1-ის ქვეყნის გუნდს მისსავე მოედანზე ასეთ თანაბარ ბრძოლას უმართავ. ვერ მოვიგეთ, მაგრამ იტალიას თავაწეულები ვტოვებთ და ველოდებით შემდეგ თამაშს”.
“მადლობა სამწვრთნელო ჯგუფს, რომელმაც გუნდი შესანიშნავად მოამზადა თამაშისთვის. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა ჩავრთოთ სარაგბო აქტივობებში, რათა ყველა პოზიციაზე მეტი კონკურენცია გვქონდეს. ასევე საჭიროა უფრო მეტ უმაღლესი დონის ტურნირებში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრებები და ქართული კლუბები. სხვაობა პირველ და მეორე ტაიმს შორის, სწორედ ასეთი თამაშების ნაკლებობითაა განპირობებული. ზუსტად ასეთი თამაშებისთვის საჭირო პროფესიონალიზმის ასაკრეფად გვჭირდება ისეთ ტურნირებში მონაწილეობა, როგორიც მაგალითად საკლუბო დონეზე URC-ია (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი). მჯერა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს”.
“მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დღეს საქართველოს საქომაგოდ მრავლად იყო “ლუიჯი ფერარის” სტადიონზე. მათ წარმოუდგენლად მაგარი ატმოსფერო შექმნეს, მთელი 80 წუთი საქართველოს სკანდირებდნენ და ჩვენს ბიჭებს ბოლომდე გვერდში ედგნენ. 24 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” კიდევ უფრო ბევრი შევიკრიბებით და ერთად ვუგულშემატკივრებთ ბორჯღალოსნებს 2024 წლის დასკვნით შეხვედრაში” - განაცხადა იტალიასთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
RUGBY.GE