ფეხბურთი

13:20 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ოქროს ბიჭები“

ამ ამბებიდან 60 წელი გავიდა. 1964 წელს თბილისის „დინამო“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მადლიერმა ქართველმა ხალხმა „დინამოელებს“ „ოქროს ბიჭები“ უწოდა. სათაურადაც, სწორედ, ეს შევარჩიეთ. ეს წერილი, სწორედ, ამ მრგვალ თარიღს უკავშირდება. ამან გადაგვაწყვეტინა მათი გახსენება. ისინი იმსახურებენ ამას. როგორც იტყვიან, „კეისარს კეისრის“. ეს თაობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მოდით მოკლედ გავიხსენოთ თვითოეული მათგანი. ეს, ცხადია, კარგიც იქნება და შემეცნებითი დატვირთვაც გააჩნია. შეახსენებს ახალგაზრდობას თუ „ვისი გორისა ხართ“.

თამამად შეიძლება თქმა, რომ თითქმის ყველა რგოლში ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეს ტალანტთა ჭეშმარიტი საკრებულო გახლდათ, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ მსგავსად. ისინი წინამორბედების მხრებზე იდგნენ და ამიტომაც წავიდნენ მათზე უფრო წინ. საკავშირო და ევროპულ სარბიელზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრეს და ქართული ფეხბურთი არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს.

მივყვეთ თანამიმდევრობით. დავიწყოთ მეკარეებით. კარის დარაჯი იყო სერგო კოტრიკაძე, რომელმაც სეზონი მისთვის ჩვეულ, მაღალ სპორტულ დონეზე ჩაატარა. უნდა გავიხსენო ერთი შემთხვევა იმ სეზონიდან. 15 ივლისს მინსკში თბილისის „დინამომ“ ფრედ 0:0 ითამაშა მინსკელ თანაკლუბელებთან. ამ მატჩში სერგო კოტრიკაძემ ქულა გადაურჩინა თავის გუნდს. მოიგერია ვიქტორ პოგალნიკოვის მიერ დარტყმული პენალტი. სეზონის ბოლოს მას პირდაპირ ოქროს ფასი დაიდო. ეს სეზონი მის სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასზე საკმარისია ითქვას, რომ 1962 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო შემდგომში, საქართველოში საუკუნის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე მთელი სეზონის განმავლობაში წარმატებით გაისარჯა ბორის სიჭინავა. 1964 წლის სეზონის დასაწყისი საუკეთესო იყო მის სპორტულ ბიოგრაფიაში. სხვათაშორის, ორი ტურის შემდეგ, ის ვლადიმერ (სიომა) ბარქაიასთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჯერ იყო და სეზონის პირველ მატჩში 28 მარტს მოსკოვის „სპარტაკთან“ თამაშის ბოლო წუთზე შოთა იამანიძის ზუსტი გადაცემის შედეგად გახსნა ანგარიში და გუნდს ესოდენ საჭირო ქულა მოუტანა. ხოლო მეორე ტურში 1 აპრილს ცსკასთან შეხვედრაში შორიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა გოლი. გამოირჩეოდა დაცვაში საიმედო თამაშით.

დაცვის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ პრობლემამ, სწორედ, აქ იჩინა თავი. ავადმყოფობის გამო მთელი სეზონი გამოტოვა გივი ჩოხელმა. ტრავმა მიიღო და სეზონის დასაწყისი გამოტოვა მურთაზ ხურცილავამ. მართალია, ის დაუბრუნდა მწვანე მინდორს, მაგრამ ცოტა ხანში კვლავ ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე აღარ უთამაშია.

დაცვის გაძლიერების მიზნით ქუთაისის „ტორპედოდან“ გადმოიყვანეს გურამ ცხოვრებოვი, რომლის სახით „დინამოში“ მოვიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. დაცვის ცენტრში გადაიყვანეს ჯემალ ზეინკლიშვილი, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. დაცვის ცენტრში მას ჯერ უნივერსალური მოთამაშე გურამ პეტრიაშვილი შეუწყვილეს. მან წარმატებით ითამაშა როგორც დაცვის ცენტრში, ისე განაპირა მცველისა და ნახევარმცველის ადგილზე. შემოდგომაზე დაცვის ცენტრში დებიუტი ჰქონდა 20 წლის ვახტანგ რეხვიაშვილს. მან სავსებით გაამართლა მწვრთნელის იმედები. ეს მონაკვეთი მის სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ახლა გადავიდეთ ნახევარდაცვის ხაზზე, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ძირითად ბირთვს, რა თქმა უნდა, შეადგენდა სახელგანთქმული გიორგი სიჭინავა და გუნდის კაპიტანი შოთა იამანიძე. მთელმა სეზონმა მათ მხრებზე გადაიარა. პირველმა სეზონის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. გამოირჩეოდა ბურთის ფლობის მაღალი ოსტატობით. კაპიტანმა კი 30 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. ის იყო გუნდის სული და გული. განსაკუთრებით გამოვყოფთ გოლს, რომელიც მან გაიტანა 22 ოქტომბერს მოსკოვის „ტორპედოსთან“ პრინციპულ მატჩში. შორიდან ყუმბარისებული დარტყმით მან წერტილი დაუსვა ამ უკომპრომისო დაპირისპირებას - 3:1 გაიმარჯვეს თბილისელებმა.

1964 წლის დასაწყისისთვის „დინამოს“ ჰყავდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი. სიღრმე მისი მთავარი პლუსი გახდა. სლავა მეტრეველი, ვლადიმერ (სიომა) ბარქაია, ზაურ კალოევი, მიხეილ მესხი, ილია დათუნაშვილი, თენგიზ მელაშვილი. სეზონის წინ, ამ უკანასკნელმა დატოვა გუნდი. უეცრად პრობლემა წამოიჭრა იქ სადაც უბრალოდ არ იყო - თავდასხმის ხაზში. ის ხელოვნური იყო. ალბათ, უნდა მიეცათ შანსი ზაურ კალოევისთვის? ბუნებრივია, წამოიჭრება საკითხი, ნაადრევად ხომ არ ჩამოწერეს ის? მეორე ცენტრფორვარდის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ნალჩიკის „სპარტაკიდან“ გადმოიყვანეს ალექსანდრე აფშევი. ვერ ვიტყვით, რომ მან გაამართლა იმედები. გარკვეული უკმარობის გრძნობა მაინც რჩებოდა. 19 მატჩში გაიტანა 2 გოლი. ერთი ხანობა მოსინჯეს ახალგაზრდა ელგუჯა ხუციშვილი, მაგრამ არც ეს იყო მთლად დამაჯერებელი. გავრილ კაჩალინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო ოპტიმალური ვარიანტის გამოძებნა, რაც შემოდგომის მატჩების „დინამოს“ წარმატების საწინდარი გახდა. მან განახორციელა თამამი ექსპერიმენტი და „საზრიან სტრატეგს“ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას თავდასხმის ცენტრში სლავა მეტრეველი შეუწყვილა. შეიქმნა თავდასხმის ახალი ოთხეული - მარჯვნივ ილია დათუნაშვილი, თავდასხმის ცენტრში ვლადიმერ (სიომა) ბარქაია და სლავა მეტრეველი, ხოლო მარცხნივ მიხეილ მესხი. ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი.

სეზონის დასკვნითი აკორდის, შემოდგომის მატჩების, ნამდვილ გმირად ილია დათუნაშვილი მოგვევლინა. მან 11 გოლი გაიტანა და იმ სეზონში „დინამოს“ მთავარი ბომბარდირი გახდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ტაშკენტში მოსკოვის „ტორპედოსთან“ გადამწყვეტ მატჩში გატანილი ორი გოლი. ჯერ იყო და კუთხური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში (ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში რეალიზებული ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხური), მერე კი, უკვე დამატებით დროში, მეორე გოლი გაიტანა და დააწინაურა თბილისელები. ამ გოლმა. ფაქტობრივად, წელში გატეხა „ტორპედოელთა“ წინააღმდეგობა. 1964 წლის სეზონის მიწურული დათუმაშვილის სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა და დიდი ხნით დაიკავა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიამ. განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა მან სეზონის პირველ მატჩებში. ის გამოირჩეოდა არამარტო გატანილი გოლებით, არამედ საზრიანი თამაშით. ვარსკვლავებით მოჭედილი ქართული ფეხბურთის ცაზე ამ რანგის ტალანტები ნამდვილად თითებზე ჩამოსათვლელი იყო: ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ (სიომა) ბარქაია, კახი ასათიანი და ცოტა უფრო მოგვიანებით, ალბათ, გიორგი ქინქლაძე. მან ხუთი გოლი გაიტანა და სეზონის სტარტზე გუნდის ლიდერის და ბომბარდირის როლში მოგვევლინა. სპეციალისტები მის თამაშს ასე ახასიათებდნენ. „იშვიათად ნათელი ტაქტიკური აზროვნების ფეხბურთელი. შეტევის შესანიშნავი ორგანიზატორი. პარტნიორის თამაშის დიდი შეგრძნება და შესანიშნავი პასი ბარქაიას შეხამებული ჰქონდა უმაღლეს ტექნიკასთან, რაც მას ხდიდა საშიშ ძალად არა მარტო გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ თამაშშიც“. დიდი ნოდარ ახალკაცის თქმით, „ვლადიმერ ბარქაია ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, როგორსაც ასი წლის შემდეგ ითამაშებენ“. ვფიქრობთ, ყველაფერია ნათქვამი. ვერაფერს დაამატებ.

ცნობილმა მწვრთნელმა ელინიო ერერამ, როდესაც ნახა საბჭოთა კავშირის ნაკრების თამაში, სლავა მეტრეველს და მიხეილ მესხს „ქართული ფრთები“ უწოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1964 წელს გავრილ კაჩალინმა თამამ ექსპერიმენტს მიმართა და უბადლო მარჯვენა გარემარბი ლეგენდარული სლავა მეტრეველი მისთვის ჩვეული მარჯვენა ფლანგიდან თავდასხმის ცენტრში გადაიყვანა და „საზრიან სტრატეგს“ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას შეუწყვილა. გამოცდილ მწვრთნელს ალღომ არ უღალატა. ექსპერიმენტმა სავსებით გაამართლა. ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ცენტრფორვარდების ერთ-ერთი უძლიერესი ტანდემი. სტაბილურობა, მეტრეველის, როგორც მაღალი კლასის ფეხბურთელის, ერთ-ერთი მთავარი ღირსება იყო. მან 1964 წლის სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა. განსაკუთრებით ძლიერად ითამაშა პირველი წრის დასასრული და მთელი მეორე წრე. მან ათი გოლი გაიტანა. დიდი წვლილი მიუძღვის მრავალი მატჩის გადარჩენაში. ქულა იხსნა 15 აპრილს „კრილია სოვეტოვთან“ მატჩში. თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე ზუსტად შეასრულა პენალტი და გაათანაბრა ანგარიში - 1:1. გადამწყვეტი გოლი გაიტანა 6 ივლისს ბაქოში - 1:0. 25 ივლისს თბილისში ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში - 1:0. 11 აგვისტოს მოსკოვში „სპარტაკთან“ მატჩში - 1:0. 1 ოქტომბერს თბილისში დონეცკის „შახტიორთან“ შეხვედრაში თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და მეტოქეს გამარჯვება გამოგლიჯა - 2:1. სწორედ მან დაუსვა წერტილი ამ მძიმე მარათონს და 11-მეტრიანი დარტყმით მეოთხე გოლი გაიტანა მოსკოვის „ტორპედოს“ კარში.

და ბოლოს, თბილისის „დინამოს“ უბადლო მარცხენა გარემარბი მიხეილ მესხი. მის გარეშე 60-იანი წლების თბილისის „დინამო“ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. სავსებით მართლზომიერია, რომ XX საუკუნის საუკეთესო გარემარბად, სწორედ ის დაასახელეს. ვფიქრობთ, ამით ყველაფერია ნათქვამი. როგორც გარემარბი, ის, ნამდვილად განუმეორებელი იყო. შესაძლოა, სლავა მეტრეველი გაცილებით ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი იყო, გაცილებით უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გახლდათ, მაგრამ როგროც გარემარბი, მესხი უფრო ძლიერი ჩანდა. ის იყო უმაღლესი კლასის ინდივიდუალური მოთამაშე. ის ავტორია ფართოდ გავრცელებული „მესხის ფინტისა“. ეს თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგის მცველებს. დაცვაში არეულობას იწვევდა, რომელიც სრულდებოდა ზუსტი გადაცემით საჯარიმო მოედნის ცენტრში, რომლის ადრესატი პირველ ყოვლისა, ზაურ კალოევი იყო. ეს კომბინაცია უფრო ხშირად გოლით მთავრდებოდა. ანდაც თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და გადამწყვეტ დარტყმას თავად ასრულებდა, რაც ხშირად გოლით სრულდებოდა. მისი და სლავა მეტრეველის ნეიტრალიზება მოწინააღმდეგის მთავარი საზრუნავი გახლდათ.

1964 წლის სეზონის პირველ ათ მატჩში ერთი გოლი გაიტანა - 6 მაისს თბილისში ალმაათის „კაირატთან“ (2:2). მეათე ტურში, 17 მაისს, დონეცკში „შახტიორთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეული ხნით გამოაკლდა გუნდს. მწვანე მინდორს დაუბრუნდა 19 აგვისტოს ლენინგრადში „ზენიტთან“ მატჩში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ მას თამაში არ გამოუტოვებია. მონაწილეობა მიიღო 24 მატჩში და 6 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა სეზონის ბოლო მატჩები და 5 გოლის ავტორი გახდა. გამოვყოფ მეტად დაძაბულ შეხვედრას ბაქოს „ნეფტიანიკთან“ 15 ოქტომბერს, სადაც „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა 4:3. მიხეილ მესხმა ორი გოლი გაიტანა. ალბათ, არის რაღაც სიმბოლური იმაში, რომ ტაშკენტში „ტორპედოსთან“ გადამწყვეტ მატჩს წერტილი, ცნობილი მწვრთნელის ელინიო ერერას სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ „ქართულმა ფრთებმა“ დაუსვეს. ჯერ იყო და მიხეილ მესხმა თავგზა აუბნია მოწინააღმდეგის მცველებს და მესამე გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ამ მატჩს წერტილი დაუსვა სლავა მეტრეველმა, რომელმაც ზუსტად შეასრულა პენალტი. 4:1 გაიმარჯვა თბილისის „დინამომ“ და პირველად ისტორიაში მოიხვეჭა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.

იმედია, მკითხველი ამ დამძრახავს ამ სენტიმენტალური გადახვევის გამო. ეს თაობა ჩემი საყვარელი თაობაა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამ თაობის, რადგან მან შემაყვარა სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი და კალათბურთი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ასე შევაღე სპორტული ჟურნალისტიკის კარი, რომელიც, ფაქტობრივად, მეორე პროფესიად იქცა...

მერაბ კალანდაძე

0.112509