რაგბი

11:40 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 10:26 აია

საათზე მეტხანს კაცნაკლულად, პერიოდულად კი 13 და 12 კაცის ამარა მოთამაშე ქუთაისის ‘აიამ’, თბილისში ‘ლელო სარასენსი’ 26:10 დაამარცხა და “სარბიელის სინთან” ერთად, ლიდერობაც შეინარჩუნა.

მოქმედმა ჩემპიონმა crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში 9-იდან 8 თამაში მოიგო, 36 ქულა მოაგროვა და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. ‘ლელოს’ 11 ქულა დარჩა, ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

თამაში ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და ტიმოსი ბოლამ ლელოც გაიტანა, მაგრამ მანამდე მასზე მცირედი წინპასი შესრულდა. სამაგიეროდ, ქუთაისელებმა მეტოქე მისსავე შერკინებაში დააჯარიმეს და გიორგი ბაბუნაშვილმა ანგარიში გახსნა. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მე-17 წუთზე სახიფათო ბოჭვისთვის ირაკლი სიმსივემ წითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, 24-ე წუთზე ქუთაისელებმა ძალიან კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და გიორგი ფრუიძის პასის შემდეგ, მარცხენა ალამთან ლელო საბა ხონელიძემ გაიტანა. 4 წუთში ‘აიამ’ მაღალ ტემპში კიდევ ერთხელ შეუტია, უპირატესობა ამჯერადაც მარცხენა ფრთაზე შექმნა და ლელო თემურ კოხოძემ დაამიწა. ბაბუნაშვილმა გარდასახვები ვერა, თუმცა 30-ე წუთზე 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 16:0 გახადა.

სტუმრები არ გაჩერდნენ, 36-ე წუთზე უკვე ძალისმიერ სტილში შეუტიეს, ლელო გიორგი ნიკოლაძემ მიითვალა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა შეძლეს შედეგიანი შეტევის ორგანიზება, ფრთაზე უმეთვალყურეოდ შალვა აფციაური დარჩა და მისი ლელო ირაკლი ყიასაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა - 7:23.

მეორე ტაიმი ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო. ‘აია’ თავიდან თავს კარგად იცავდა, მაგრამ მერე ჯარიმები მოუმრავლდა და 5 წუთის ინტერვალით ყვითელი ბარათები საბა ხონელიძემ და გიორგი სინაურიძემ მიიღეს. ბარათებს შორის ყიასაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ დანარჩენ სიტუაციებში 12-კაციანმა ‘აიამ’ თავი დაიცვა, 13 კაცით ჯარიმა გამოიმუშავა და ბაბუნაშვილმა სტატუსქვო აღადგინა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ “ლელო არენაზე” 26:10 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ფრუიძე გახდა.

RUGBY.GE

0.128715