რაგბი

22:50 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "ძალიან კარგი გუნდი ვართ, საოცარი დაცვა ვითამაშეთ"
"მსოფლიო რაგბის თამაშის განვითარება თუ უნდა, ახალი შესაძლებლობლები უნდა მოგვცეს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა იტალიის ნაკრებთან მატჩის (17:20) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და განვითარებისთვის მსოფლიო რაგბიმ შესაძლებლობები უნდა მისცეს.

„მეორე ტაიმში დისციპლინის ნაკლებობამ იჩინა თავი და საბაზისო ელემენტები, რასაც პირველ ტაიმში კარგად ვასრულებდით, მეორე ნახევარში არ გამოგვივიდა და წავაგეთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ კარგად ითამაშა, შევაქო ჩემი მორაგბეები. მოდი, ვთქვათ, რომ საქართველო ძალიან კარგი გუნდია და დღეს ორმა ძალიან კარგმა გუნდმა ითამაშა. არ მინდა, რომ ამ თამაშიდან მხოლოდ შედეგი დაიმახსოვრონ. იტალია შესანიშნავი გუნდია, რომელიც 25 წელია 6 ერშია, მათი კლუბებიც თამაშობენ საერთაშორისო დონეზე, ჩვენ კი, ამ მხრივ, მინიმუმ 25 წლით უკან ვართ. თავს საოცრად ვიცავდით, კარგი გუნდი რომ არ ვიყოთ, აქ მინიმუმ 20 ქულის სხვაობით წავაგებდით, დაცვაში ასეთ თამაშსაც კარგი გუნდობა სჭირდება. ჩვენც გვჭირდება შესაძლებლობები, რა სახითაც არ უნდა იყოს, 6 ერი თუ სხვა, ამიერიდან, სად უნდა წავიდეს საქართველოს ნაკრები და შავი ლომი? ამიტომ, შესაძლებლობები გვჭირდება.

მსოფლიო რაგბის თუ უნდა თამაშის განვითარება, ამისათვის რაღაც ადგილი უნდა გამოძებნოს ჩვენთვის. თავის დროზე, როცა 5 ერი იყო და იტალია მიიღეს, სხვანაირი იტალიის ნაკრები იყო, ახლა სხვანაირია. პლეი-ოფი რატომ არ უნდა იყოს? გავიდა უელსი ბოლო ადგილზე? შინ და სტუმრად ვითამაშოთ, ნებისმიერთან, ვინც ბოლო ადგილზე გავა, გვათამაშონ, რითაც რაგბის მეტი ინტერესი მიეცემა“, - თქვა კოკერილმა.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება ისტორიაში, საიდანაც ხუთჯერ იტალიამ მოიგო და ერთხელ საქართველომ.

რიჩარდ კოკერელის გუნდი შემოდგომის ტესტების ფარგლებში ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს, ტონგასთან ჩაატარებს, რომელსაც თბილისში უმასპინძლებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის გენუადან

0.122695