საქართველოს ნაკრების მორაგბემ ვასილ ლობჟანიძემ იტალიის ნაკრებთან მატჩის (17:20) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგების მთავარი მიზეზი მეტოქესთან შედარებით ნაკლები გამოცდილება იყო.
„სიმართლე ვთქვათ, პირველ ტაიმშიც არ გვქონია ჩვენი შეტევის სისტემა მათ 22-ში, ძირითადად, კონტრშეტევებიდან დავდეთ ლელოები. მეორე ტაიმში ძალიან ბევრი ჯარიმა გავეცით, რაც იტალიისთვის საჩუქარია და მერე ასეთ გუნდთან თამაში ძალიან რთულია.
ვფიქრობ, რომ იტალიამ ზუსტად გამოცდილებით გვაჯობა. არ უნდა დაანახო და მისცე საშუალება მსაჯს, რომ 50-50-ზე სიტუაციაში დაგაჯარიმოს, ზუსტად ეს ვთქვით გასახდელში შესვენებაზე, რომ დიდი გუნდები ბოლო 25-30 წუთში იგებენ თამაშს, ზუსტად ეს გამოცდილება დაგვაკლდა. მსაჯმაც, 50-50-ზე სიტუაციებში დაგვაჯარიმა, რამაც მარცხი გამოიწვია“, - თქვა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება ისტორიაში, საიდანაც ხუთჯერ იტალიამ მოიგო და ერთხელ საქართველომ.
რიჩარდ კოკერელის გუნდი შემოდგომის ტესტების ფარგლებში ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს, ტონგასთან ჩაატარებს, რომელსაც თბილისში უმასპინძლებს.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის გენუადან