რაგბი

21:33 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის მწვრთნელი: "საქართველომ ორივე შანსი გამოიყენა, მაგრამ კარგია, რომ ასეთი თამაში მოვიგეთ"
"ეს ჩვენთვის ხასიათის ნამდვილი გამოცდა იყო"

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გონსალო კესადამ საქართველოსთან მატჩის (20:17) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვიცით, რომ მიკელე ლამაროს მხრის ტრავმა აქვს, მაგრამ კონკრეტულად როგორია დაზიანება, ჯერ არ ვიცით. შეიძლება რამდენიმე კვირა ვერ ითამაშოს. საქართველომ, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, კარგად ითამაშა, დაცვაში ძლიერად და ლელოს გატანის ორივე შანსი გამოიყენა, რაც მიუთითებს მათ ძალაზე. ისინი შექებას იმსახურებენ, მაგრამ პირველი ტაიმი ჩვენ ცუდად ვითამაშეთ.

კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მიუხედავად სირთულეებისა, რომელსაც გადავაწყდით. თამაშის გეგმა სხვანაირი გვქონდა და ამაზე მუშაობა გვჭირდება. არ შეიძლება ბურთის ფლობასა და მოედნის ფლობაში ვდომინირებდეთ და მაინც გაგვიჭირდეს.

საკმაოდ ძნელი დაცვის წინააღმდეგ ვითამაშეთ. აქვე უნდა დავამატო, რომ საქართველო ხშირად ანელებდა თამაშის სხვადასხვა მეთოდით, ჯარიმებითაც, ბევრი შეფერხება იყო, ჩვენ კი, სწრაფი თამაში გვჭირდება ჩვენი თავის წარმოსაჩენად, ამიტომაც, გაგვიჭირდა.

დიდი ბრძოლა იყო, ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს, ჩვენ კი, შეტევაში ზუსტად ვერ ვთამაშობდით. თამაში ნელი და ბინძური გახდა, მაგრამ 6:17-დან მეორე ტაიმში მოგება მაინც შევძელით. ბურთის ფლობის 80% და ტერიტორიის 70% ჩვენი იყო. ეს იყო გუნდის ხასიათის ნამდვილი გამოდგა. რთულად მოსაგები თამაში გახდა, მაგრამ ბიჭებით კმაყოფილი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ. სამოასთან ბინძური თამაშის მოგება ვერ შევძელით, დღეს კი, ეს მოვახერხეთ“, - თქვა კესადამ.

ასევე, კომენტარი გააკეთა იტალიელთა მორაგბემ ჟან იგნსაიო ბრექსმა:

„სულაც არ არის ადვილი იმის დანახვა, როცა შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი მოედნიდან ტრავმის გამო გადის, უფრო რთულია, როცა ის შენი გუნდის კაპიტანია. მართალია, თამაშში გაგვიჭირდა, ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა. შესვენების შემდეგ ამ მატჩმა გამახსენა მსოფლიო თასზე ურუგვაისთან თამაში, როცა იქაც ტანჯვა მოგვიწია გამარჯვებისთვის. სათადარიგო მოთამაშეებმა დიდი გავლენა მოახდინეს და მოედანზე იმპულსი შემოიტანეს. დადებითია ის, რომ 6:17 ჩამორჩენის შემდეგ მოვიგეთ, ეს ადვილი არაა“, - თქვა ბრექსმა.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება ისტორიაში, საიდანაც ხუთჯერ იტალიამ მოიგო და ერთხელ საქართველომ.

რიჩარდ კოკერელის გუნდი შემოდგომის ტესტების ფარგლებში ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს, ტონგასთან ჩაატარებს, რომელსაც თბილისში უმასპინძლებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის გენუადან

0.130366