საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გენუაში, „სტადიო მარასიზე“ იტალიის ნაკრებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა, რომელიც მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 20:17 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად, შესანიშნავად ჩაატარა პირველი ტაიმი, რომელიც 11 ქულით მოიგო და ორი ლელო გაიტანა. ჯერ აკა ტაბუცაძემ შეიტანა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი, ხოლო შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ მიითვალა ლელო. ეს ძალიან ეფექტური შეტევა იყო, დავით ნინიაშვილმა უბრალოდ დიდებულად ითამაშა, მთლიანად გაჭრა მეტოქის ხაზი და ლობჟანიძე ისეთ პოზიციაში დატოვა, ლელო მარტივად დადო. ზოგადად, ნინიაშვილი ძალიან გამორჩეული იყო მთელი მატჩის განმავლობაში. ორივე ლელო ლუკა მატკავამ გარდასახა, რომელმაც ერთი ჯარიმაც გაიტანა. ხსენებულ 17 ქულას იტალიელებმა ორი ჯარიმით უპასუხეს - 17:6.
თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება შეიცვალა, იტალიელთა ზეწოლა გაიზარდა, გარდამტეხი კი, 53-ე წუთი გამოდგა, როცა მსაჯმა აკა ტაბუცაძე სინ-ბინში გაუშვა, თან საქართველო ტექნიკური ლელოთი დასაჯა... 10 წუთის მერე იტალიელებმა უკვე თავად დაამიწეს ბურთი ჩათვლის მოედანში, გარდასახვაც ზუსტი გახლდათ - 20:17.
წინ კიდევ 15 წუთი იყო, მაგრამ დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, „აძურიმ“ „ბორჯღალოსნებს“ 20:17 აჯობა. ეს იყო ამ ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება ისტორიაში, საიდანაც ხუთჯერ იტალიამ მოიგო და ერთხელ საქართველომ.
რიჩარდ კოკერელის გუნდი შემოდგომის ტესტების ფარგლებში ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს, ტონგასთან ჩაატარებს, რომელსაც თბილისში უმასპინძლებს.
იტალია - საქართველო 20:17 (6:17)
ქულები: 3:0 გაბრიზი (22), 3:5 ტაბუცაძე (23), 3:7 მატკავა (24), 6:7 გაბრიზი (31), 6:10 მატკავა (33), 6:15 ლობჟანიძე (37), 6:17 მატკავა (38), 13:17 (ტექნიკური ლელო, 53), 18:17 ფუსკო (63), 20:17 გაბრიზი (64)