ფეხბურთი

18:30 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთი-საქართველოს მატჩს ბერძენი არბიტრი იმსაჯებს

ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ბერძნები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი ანასტასიოს პაპაპეტრუ იქნება, მისი ასისტენტები ტრიფონ პეტროპულოსი და იორდანის აპტოსოღლუ, მე-4 მსაჯი კი, ალექსანდრო ცაკალიდისი. VAR-ის ოთახში ანგელოს ევანგელუ და ათანასიოს ცილოსი იმუშავებენ.

პაპაპეტრუმ ბოლოს „ოფი „კრეტას“ და „კალითეას“ მატჩი იმსაჯა ერთი კვირის წინ. ამ შეხვედრაში ერთი გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა.

39 წლის ბერძენს ერთხელ უმსაჯია საქართველოს ნაკრების თამაში - 2018 წლის 9 სექტემბერს, თბილისში, ერთა ლიგის D დივიზიონში ლატვიის ნაკრებთან, რომელშიც ვლადიმირ ვაისის გუნდმა თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

აღნიშნულ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია და გიორგი ლორია მოედანზე იყვნენ, ოთარ კიტეიშვილი თადარიგში - იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც დღესაც არიან განაცხადში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.124515