თბილისის ‘ხვამლმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘არმიას’ 19:0 სძლია, მეტოქე სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა და პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში დაძაბული გამოდგა, მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მიიღეს და ჯამში 25 მოაგროვეს. ‘არმიას’ 24 ქულა დარჩა მეოთხე ადგილზეა.
“ხვამლი არენაზე” თამაში ქარის ფონზე წარიმართა, რამაც მის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. მასპინძლებმა მეტოქე წნეხში მოაქციეს, შეცდომა დააშვებინეს, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან ფაზები აკინძეს და საბა კურტანიძემ ლელოთი ანგარიში მე-4 წუთზევე გახსნა. ზურა ქობელაშვილმა გარდასახვა გაიტანა, თუმცა 10 წუთში გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა.
ტაიმის შუაში ‘არმია’ საპასუხო ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რომ არა ნიკა ცინცაძის ბოჭვა ლაშა ბარბაქაძეზე. ორიოდე წუთში უკვე ლუკა ცხვედიანმა გაჭრა ხაზი და ‘არმიამ’ თავი მერლს პიტერსის სინბინის ხარჯზე დაიცვა. ‘ხვამლმა’ რიცხობრივი უპირატესობით უმალ ისარგებლა, დერეფნიდან შეტევა გაშალა და ლელო ნიკა ცინცაძემ გაიტანა. ქობელაშვილმა გარდასახა. ორ წუთში ცინცაძე სალელოვე შეტევის განზრახ შეჩერებისთვის უკვე თავად დაისაჯა ყვითელი ბარათით, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 14:0.
მეორე ტაიმში უპირატესობას ‘არმია’ დაეუფლა და დაახლოებით 30 წუთი გამუდმებულ შეტევებში გაატარა. სტუმრებმა ჯარიმებით ქულების აღებაზე უარი თქვეს, მაგრამ ვერც ლელო გაიტანეს. 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი ჰამლეტ გოგიამ მიიღო და ‘ხვამლი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ დასკვნით წუთებში თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა, 78-ე წუთზე ცრუ-მოლს კურტანიძე მოწყდა და საკუთარ გუნდს დამატებითი ქულა მოუპოვა - 19:0. დუბლის ავტორი 'ხვამლის’ კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
RUGBY.GE