საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის მეორე ტესტ-მატჩს გენუაში, „სტადიო მარასიზე“ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, „აძურის“ კაპიტანმა, ტრევიზოს „ბენეტონის“ მორაგბემ, მიკელე ლამარომ, რომელმაც საქართველოს ნაკრები შეაქო და ორი წლის წინ, ბათუმში წაგებული შეხვედრაც გაიხსენა.
„ორი წლის წინანდელ შეხვედრაში დავუშვით შეცდომები, რისგანაც შემდგომ ბევრი ვისწავლეთ. რა თქმა უნდა, გვინდა იმ მატჩთან შედარებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და მოვახერხოთ ის, რაც ორი წლის წინ ვერ შევძელით.
საქართველოს ნაკრები დიდი ვნებით თამაშობს, რასაც ყოველთვის აჩვენებს. ეს ნამდვილად მათი კარგი მხარეა და შეთამაშებული გუნდია, მათ შორის ძლიერი კავშირია. ამაყი გუნდია, რომელიც მოედანზე მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს დადებითი შედეგისთვის. საქართველოს ნაკრები იმსახურებს პატივისცემას, ნამდვილად ჰყავს მაღალი კლასის მორაგბეები. გვახსოვს, ორი წლის წინ ნინიაშვილმა ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ითამაშა. ვიცით მათი ხარისხის შესახებ, დაბალანსებული გუნდია.
ზაფხულში სტუმრად ბევრი მატჩის ჩატარების შემდეგ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვბრუნდებით, რაც ნამდვილად დიდ ენერგიას მოგვცემს. ამ სამ მატჩში გვსურს მაქსიმუმის ჩვენება, ჩვენს შორის ძალიან ძლიერი კავშირია, რაც ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად იმოქმედებს და ეს ენერგია მოედანზე დაგვეხმარება. წინ უნდა ვიაროთ, ხვალ ფუნდამენტური თამაშია საიმისოდ, რომ წინა მატჩის წაგების შემდეგ კარგი პასუხი გავცეთ. გვინდა, ხვალ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ და შემდეგ კი, ბოლო მატჩი „ოლ ბლექსთან“ ცხადია, ურთულესი იქნება, რომელშიც ყველა ენერგია უნდა დავხარჯოთ, რაც შემორჩენილი გვექნება“, - თქვა ლამარომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს იტალიასთან აქამდე ხუთჯერ უთამაშია, საიდანაც ოთხჯერ მეტოქემ გაიმარჯვა, თუმცა ბოლო დაპირისპირებაში საქართველომ 2022 წელს, ბათუმში, იტალიის დამარცხება მოახერხა.
იტალიისა და საქართველოს შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 17:40 საათზე გაიმართება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის გენუადან