საფრანგეთის ფინანსური კონტროლის ეროვნულმა სააგენტომ „ლიონს“ მძიმე განაჩენი გამოუტანა - ლიგა 2-ში დაქვეითება პირობითად!
ფრანგულ კლუბს ნახევარი მილიარდი ევროს ვალი აქვს, რომლის გადახდას თუ ვერ მოახერხებს, სეზონის ბოლოს შედეგების მიუხედავად, ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითდება.
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა, სეზონის ბოლომდე ფრანგული კლუბი ვალის გასტუმრებას და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიგა 2-ში გააგდებენ. ამასთან, „ლიონს“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მუშაობა აეკრძალა, შესაბამისად, სატრანსფერო ბანი მიიღო.
„ლიონი“ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი და ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ფრანგული კლუბია. აღსანიშნავია, რომ ფინანსური პრობლემების გამო ზაფხულში კიდევ ერთი ცნობილი ფრანგული კლუბი, „ბორდო“ ლიგა 2-დან სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს.
„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელიც კლუბს ზაფხულში „მეციდან“ 18 მილიონ ევროდ შეუერთდა და დღემდე 14 მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 11 ტურის შემდეგ 18 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა თუ ვალს ვერ გაისტუმრებს, ლიგა 2-ში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.