რაგბი

23:08 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | საქართველოს შემადგენლობა გერმანიასთან

ევროპის მიჯრით 5-გზის ჩემპიონი უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტიტულის დაცვას იწყებს. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მისი მეტოქე გერმანია იქნება.

შეხვედრა “მარკეტა სთედიუმზე” საქართველოს დროით 19 საათზე იწყება. 1/4-ფინალის სხვა წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ნიდერლანდები რუმინეთს, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალები 19, ხოლო ფინალები 23 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომლითაც თამაშს გერმანელების წინააღმდეგ დაიწყებს. რეგლამენტის თანახმად, განაცხადში ტურნირზე მყოფი 26-ივე მორაგბეა. მათგან 7-ს 18-წლამდელთა ნაკრებში ჯერ არ უთამაშიათ, დანარჩენმა 19-მა კი ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის გამოცდილება გაზაფხულზე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტავალსა და ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა სერიაზე მიიღეს.

გუნდის კაპიტანი მეორეხაზელი დავით ბარამიაა, რომელიც წელს 18-წლამდელთა მესამე საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს, გუნდს კი პირველად გაუძღვება:

“ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი როლი და მზადების პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული. ჩეხეთში ჩამოსვლის შემდეგ ორი ვარჯიში გვქონდა, გავიარეთ ის დეტალები რაზეც აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ, დღეს კაპიტნის ვარჯიში გვაქვს და ხვალინდელ თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით”.

“პირველად ვარ გუნდის კაპიტანი, რაც დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მაქსიმალურად ვეცდები ამ რთულ გამოწვევას კარგად გავართვა თავი. წელს ტიერ1-ის გუნდებთან ერთად ორი ტურნირი ვითამაშე. გერმანიასთან აქამდე არასდროს მითამაშია, ის წინა მეტოქეებივით ძლიერი ვერაა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. როცა შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას შენს წინ, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ნაკრების კვართით ვთამაშობთ და ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯებით”.

“გუნდში 7 დებიუტანტი გვყავს და შედარებით გამოცდილები მათ მაქსიმალურად ვეხმარებით. თვითონაც ძალიან მონდომებულები არიან, ვარჯიშებზე არაფრით ჩამოგვივარდებიან და მათი მონდომება აუცილებლად გამოიღებს შედეგს”.

დებიუტანტთაგან ერთ-ერთი ივა კვირიაშვილია, რომელიც 2007 წელსაა დაბადებული და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას გაისადაც დაიცავს:

“ყველა მოთამაშის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა, მით უმეტეს 1 წლით ადრე. კარგად მესმის, რომ ჯერ ყველაფერი წინაა, ჩემი კარიერა ახლა იწყება, თუმცა უკვე მომეცა შანსი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი საქართველოს მოვახმარო და ეს ძალიან მახარებს. ეს არის თავდაუზოგავი ვარჯიშისა და შრომის შედეგი, რომლის დროსაც ყოველთვის ვგრძნობდი მწვრთნელებისა და თანაგუნდელების მხარში დგომას, რისთვისაც მათ უღრმეს მადლობას ვუხდი”.

“გუნდში მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც უკვე ითამაშეს 18-წლამდელთა ტურნირებზე და ისინი თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. იგრძნობა, რომ ყველას უნდა მაქსიმალურად განვვითარდეთ. ჩემი მიზანიც სწორედ გამოცდილების მიღებაა, რადგან გაისადაც მიწევს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში და ეს გამოცდილება აუცილებლად წამადგება”.

“გერმანიის თამაშები განვიხილეთ და ვფიქრობ, დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ. მთლიანობაში, ვეცდებით ევროპის ჩემპიონატზე სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ. ტურნირზე მთავარ კონკურენტებად ესპანეთს და პორტუგალიას მივიჩნევ, თუმცა ბოლო დროს ნიდერლანდებიც სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ ყველა თამაშს მაქსიმალური მონდომებით ვუდგებით და შემდეგ მეტოქეზე მხოლოდ გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ვიფიქრებთ".

2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი

16 ნოემბერი. 1/4-ფინალი. 19:00 (საქ. დრო)

საქართველო - გერმანია

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. დავით ბარბაქაძე (არმია); 24. ლუკა ნარსია (აია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129793