News

16:58 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ამ ნაკრების დამახასიათებელი ისაა, რომ არავის ეშინია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ბოლო ორ შეკრებაზე არ ვიყავი, მაგრამ გარედანაც ჩანს, რომ ეს ნაკრები დღითიდღე იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ მათი ძალების. ფეხბურთში თავდაჯერება საჭიროა, თუმცა ის იცვლება შედეგებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო ორი მატჩის შედეგის შემდეგ ჩვენი თავდაჯერება არ შეიცვლება.

ეს იყო მცირეოდენი ფეხის დაცდენა, რომელზეც რეაგირება უნდა მოვახდინოთ. საჭიროა თავდაჯერებასა და სითავხედეს შორის კონტროლი და მჯერა, ამ გუნდს შეუძლია, რადგან ამ ნაკრების სიძლიერეც ისაა, რომ არავისი ეშინია, თავდაჯერებულია და საფეხბურთო სითავხედეც აქვს. ფეხბურთში ყველანაირი შედეგი დგება, მაგრამ მთავარია ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც ამ გუნდს შეეფერება“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მატჩი, 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.137911