ფეხბურთი

19:25 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ თამაშობს ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ფხენიანში?

ჩრდილოეთ კორეა საშიში და საზარელი ქვეყანაა, სადაც ადამიანი როგორც ღირებულება საერთოდ არ არსებობს და ყველაფერი ერთი ადამიანის, უფრო სწორად კი ერთი ოჯახის დიქტატს ემორჩილება. ბოლო დროს მთელს მსოფლიოში და სამწუხაროდ საქართველოშიც გამოჩნდნენ მავანი „ჭკუის კოლოფები“, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა თითქოს სულაც არაა ისეთი საზარელი, როგორც ამას დასავლური მედია გვიხატავს, მაგრამ ფაქტია რომ ეს სწორედ ის სახელმწიფოა, სადაც ყველაფერი შეზღუდულია, ყველაფერი იკრძალება, საზღვრები მჭიდროდაა ჩაგმანული და ჯერ კიდევ არსებობს (დადასტურებულად) საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ადამიანებს ტირანული კანონების უმცირესი გადაცდომის გამოც კი, მთელი ცხოვრების გატარება უწევთ.

ჩრდილოეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ბევრ სახელმწიფოში, ხალხში ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. კორეელებს ფეხბურთი იმდენად უყვართ, რომ მიუხედავად მათი ქვეყნის ნაკრების თვალხილული სისუსტისა, ადგილობრივი ფეხბურთელები მაინც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ და ჩრდილოეთ კორეიდან ცივილიზებულ სამყაროში გაქცეული ადამიანებიც კი ამბობენ, რომ მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები კვლავინდებურად უყვართ და სჯერათ, რომ ოდესმე მართლა დადგება დრო, როდესაც სერიოზულ წარმატებებს მიაღწევენ.

ალბათ ყველამ კარგად იცით, 2010 წელს არადემოკრატიულ კორეაში მომხდარი ერთ-ერთი სრულიად აბსურდული შეთხვევის შესახებ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალზე ბრაზილიასთან 1:2 დამარცხდა, მაგრამ კორეულმა პროპაგანდამ ისე გადმოსცა, რომ თითქოს 1:0 გამარჯვება მათ მოიპოვეს და ადგილობრივმა ერთადერთმა სახელმწიფო ტელევიზიამაც მხოლოდ კორეელთა მიერ გატანილი გოლი აჩვენა და ამას მიაბა სხვა შეხვედრის კადრები, როდესაც კორეელები (პირობითად ბანგლადეშთან) გამარჯვებას ზეიმობენ. ეს ყველაფერი მართალია სასაცილოა, მაგრამ კიმ ჩენ ირის ხელისუფლებას სულაც არ გაუკეთებია შეთხვევით, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ამ ქვეყანაში ფეხბურთი ყველას უყვარს და საშინელი მარცხი რაიმე დიდ პროტესტს თუ არა, ხალხის გულისწყრომას ნამდვილად გამოიწვევდა და მსგავსი, ერთი შეხედვით გულუბრყვილო პროპაგანდით, ცდილობდნენ მარცხის სათავისოდ შემოტრიალებას.

სწორედ ამგვარი მიდგომების გამოა, რომ ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2019 წლის შემდეგ საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქვეყანაში აღარ ატარებს, სათამაშოდ ვიეტნამი აქვთ არჩეული და ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში აშენებული უზარმაზარი (150 ათასი ადამიანი ეტევა!) სტადიონი მხოლოდ კორეის ეროვნულ პირველობას ემსახურება. ჯერჯერობით ამ ქვეყანაში არც ომია და არც რაიმე სახის ეკოლოგიური კატასტროფა მომხდარა, თამაშის მათ ტერიტორიაზე ჩატარება რომ ვერ შეძლონ. კორეის ხელისუფლებამ ეს ყოვლად გიჟური გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ კორეის ამ ფორმაციის ეროვნული გუნდი განსაკუთრებით სუსტია, მთელი რიგი სათამაშო კომპონენეტებით აშკარად ჩამორჩება აზიის სხვა ქვეყნების გუნდებს და რაკი ცხადზე-ცხადია, რომ ეს ნაკრები ბევრ თამაშში მარცხისთვისაა განწირული, ადგილობრივმა პროპაგანდისტებმა და სპორტის მესვეურებმა მარცხი უბრალოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიტანეს. უცნაური ამბავი ნამდვილადაა, მაგრამ ალბათ სწორედ ასე უნდა ითქვას - მარცხი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

ტელევიზიას და ბეჭდურ მედიას სახელმწიფო აკონტროლებს, ინტერნეტის შესახებ კორეელთა დიდ ნაწილს არც კი სმენია და ვიეტანში ეროვნული გუნდის საქომაგოდ ჩასული, სამფეროვან სპორტულ სამოსში გამოწყობილი რამდენიმე ათასი სამხედრო, მარცხის შემთხვევაში ქვეყნაში დაბრუნების შემდეგ არც რამის მოყოლას გაბედავს და არც იმაზე დაიწუწუნებს, დანჯღრეული მატარებლით ამდენი საათი ვიეტნამამდე რატომ გვატარესო.

ყველაზე საინტერესო ისაა, ადგილობრივი პროპაგანდა ხალხს როგორ უხსნის იმას, რომ მათ გუნდს უკვე ხუთი წელია კორეაში არ უთამაშია. ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუ შეგვიძლია. შესაძლოა, ამ ყველაფერის შესანიღბად დაწყეს ეროვნული სტადიონის გრანდიოზული რემონტი, რომელიც კიდევ დიდი ხანი არ დასრულდება. შეიძლება, უბრალოდ არ ამბობენ სად ჩატარდა ესა თუ ის შეხვედრა და მხოლოდ მატჩის პერიპეტიების ჩვენებით და თამაშის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გადმოცემით შემოიფარგლებიან, ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ ბევრი მარცხის გამო, კორეის ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ოფიციალურად სჯის ფეხბურთელებს და იმიტომ არ აძლევენ უფლებას საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ქომაგების წინაშე ითამაშონ.

ისიც ფაქტია რომ კორეის ნაკრების შედეგები მართლაც რომ ვერაა სამააყო და წარმოსაჩენი. 2026 წლის მუნდიალის აზიის ზონის შესარჩევ „ა“ ჯგუფში კორეელები ირანთან, უზბეკეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, ყატართან და ყირგიზეთთან მოხვდნენ და ექვს გუნდს შორის 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ. შესარჩევი ეტაპის ნახევარი უკვე განვლილია და რაიმე დამაიმედებელს კორეელები არც მეორე ნახევარში უნდა ელოდნონ.

აზიის რეგიონის სხვა ქვეყნები (განსაკუთებით კი ნავთობით მდიდარი არაბული სახელმწიფოები) უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ფეხბურთის განსავითარებლად, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, უცხოელი სპეციალისტების ჩასაყვანად, მოსახლეობაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. ჩრდილოეთ კორეა კი, მთელს თავის ძალ-ღონეს ამერიკისა და ევროპის გინებაში ხარჯავს, ჯარისკაცებს და ტექნიკას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის და მხოლოდ იმაზეა გამეცადინებული, ცოცხალი თავით როგორ არ გამოვიდეს ბნელი გამოქვაბულიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოსებ ბესარიონის ძემ გაამწესა...

0.116011