გამოცემა Pianeta Empoli-მ საბა გოგლიჩიძის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით - სასიამოვნო აღმოჩენა.
ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონის სტარტზე შესანიშნავი თამაშით წარმოაჩინა თავი და იტალიაში მასზე უკვე ბევრი საუბრობს.
„დ’ავერსას „ემპოლი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს 12 თამაშში მოპოვებული 15 ქულით, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „აძურის“ მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ბევრ სასიამოვნო ნოტას შორის არის დაცვა, რომელიც სუპერ თამაშს აჩვენებს და გუნდის ძლიერი მხარეა, მხოლოდ 10 გაშვებული გოლით ჩემპიონატში საუკეთესოებშია. დაცვას გიგანტური ისმაილი ხელმძღვანელობს და დაცვის ნამდვილი სიურპრიზი 2004 წელს დაბადებული ქართველი საბა გოგლიჩიძეა, რომელიც რამდენიმე ტურია ძირითადში ადგილს იკავებს. ის ნაკლებად იყო ცნობილი, სანამ თამაშს დაიწყებდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოში“ გაიზარდა, მშობლიურ გუნდში, სადაც 2021 წლის ივლისში დებიუტი სულ რაღაც 17 წლის ასაკში ჰქონდა. ლევან მჭედლიძემ ის იტალიურ კლუბს შესთავაზა, იტალიაში კი, 2024 წლის იანვარში ჩავიდა, როცა „ემპოლიმ“ ის იყიდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმა. გასულ სეზონში მისი დებიუტი არ შედგა, მიმდინარე სეზონში კი, აგვისტოში „ბოლონიასთან“პირველად ითამაშა, მას შემდეგ თავისი პოზიცია არ დაუტოვებია. სერია A-ში დებიუტის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. მას შეუძლია, როგორც ოთხ, ისე სამკაციან დაცვაში თამაში. ფიზიკური სიძლიერისა და მტკიცე ხასიათით შესანიშნავად თამაშობს, მხოლოდ „ინტერთან“ ჰქონდა უარყოფითი მატჩი, როცა 30 წუთის შემდეგ ტურამთან უხეშობისთვის გააძევეს, რითაც თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაბრუნდა „ლეჩესთან“ ძირითადში და კარგად ითამაშა, სანამ მოედანს მცირე ტრავმის გამო დატოვებდა, რის გამოც ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდება. მოკლედ, საბა „ემპოლის“ სტილში ფსონს წარმოადგენს, მაგრამ უკვე ამტკიცებს, რომ სერია A-ში კარგად თამაშიც შეუძლია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული.