ფეხბურთი

18:45 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ჩვენი გეგმა და მიზანი გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვრცლად ისაუბრა მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე.

„მნიშვნელოვანი თამაშია, რომლისთვის მზად ვართ. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთეთ. ბოლო პერიოდში კარგი დინამიკა გვაქვს და ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლით უნდა დავასრულოთ. გუნდში განწყობა დადებითია, პირველად გვიწევს ამ რანგის თამაშის ჩატარება, პლეი-ოფი სპეციფიკურია. ფეხბურთელებს არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ ჩვენი მენტალური მდგომარეობა დაგვეხმარება. ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ მატჩს, უნდა შევძლოთ პირველ ნომრად თამაში. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი გეგმა გვაქვს.

გაბრიელ სიგუა თამაშისთვის მზადაა. დაცვაში დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვენდობი ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. აზაროვის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა, კარგ ფორმაშია და ითამაშებს. ლუკა ლაცაბიძე პროგრესიებს, ერთი მხრივ ცუდია, რომ გუნდში სხვა პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ უნივერსალიზმი კარგია.

დაჩი ლორთქიფანიძე პირველად გამოვიძახეთ, მაგრამ კარგად ვიცნობთ, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში იყო. გვაქვს მისი იმედი და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პრიმავერაში თამაშობს. ვაფასებ და გვეიმედება.

კონტრაქტი დღეს გავახანგრძლივე და მადლობას ვუხდი ფედერაციას ნდობისთვის. გეგმები და პროექტი გვაქვს, მიხარია, რომ ამ ქართულ ფეხბურთს ვემსახურები. მთავარი ფაქტორი, რატომაც ოთხწლიან კონტრაქტს დავთანხმდი, ის გეგმაა, რომელიც ფედერაციას აქვს, ის მუდმივი პროგრესი, რომელიც გვაქვს“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად შეხვდება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.

საქართველო-ხორვატიის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

0.116819