რაგბი

14:50 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | პირველი წრე სრულდება

მიმდინარე კვირაში 2024/25 წლების crocobet დიდი 10-ის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება და გუნდები პირველ წრეს დაასრულებენ.

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონატი გაგრძელდება და წლის ბოლომდე გუნდები კიდევ სამ ტურს ითამაშებენ.

მე-9 ტური 15 ნოემბერს “რაგბი პლატოზე” იწყება. 15 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბოლო ადგილს თავს დააღწევს. პირველი წრის ბოლოს ბოლნისელებს 9 ქულა აქვთ, ‘ტაო’ კი 13 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

16 ნოემბერს, 14:30 საათზე ‘ბათუმი’ რუსთავის ‘ხარებს’ “ბათუმი არენაზე” მასპინძლობს. 8 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 4-4 მოგება და 20-20 ქულა აქვს. შედეგად, ისინი თბილისის ‘ხვამლთან’ ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფენ და გამარჯვებულ გუნდს დაწინაურების შანსი ექნება.

ასევე 20-ქულიანი ‘ხვამლი’ 16:30 საათზე თბილისის ‘არმიას’ მასპინძლობს. დედაქალაქური დერბი “ხვამლი არენაზე” გაიმართება. მუხიანელები მდევრებს ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებებით ჯობნიან და მე-4 ადგილს იკავებენ, ‘არმია’ კი 5 მოგებით და 24 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მომავალ დაპირისპირებას ორივე გუნდი კარგ ხასიათზე ხვდება - ‘ხვამლმა’ მიჯრით ორი, ხოლო ‘არმიამ’ სამი თამაში მოიგო.

ტური და ზოგადად პირველი წრე 17 ნოემბერს დასრულდება. რადგან ამ დღეს ბორჯღალოსნები იტალიაში თამაშობენ, დიდი 10-ის შეხვედრები ჩვეულებრივზე ადრე დაიწყება.

13:30 საათზე თბილისის ‘ლელო’ მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს, ქუთაისის ‘აიას’ მასპინძლობს. ამ თამაშში საზიარო “სარბიელის სინიც” გათამაშდება, რომელიც ‘აიამ’ გასულ ტურში ‘ყოჩების’ ძლევით მოიპოვა. ასევე, ეს არის გასული სეზონის ფინალის გამეორება, რაც თამაშს დამატებით ინტრიგას მატებს.

ვიცე-ჩემპიონმა დიდ დიღმელებმა მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყეს და მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს. ‘ლელო’ 11 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა და პირველი წრის გასავარდნ ზონაში დასრულების საფრთხის წინაშე დგას. ‘აიამ’ 8-იდან 7 შეხვედრა მოიგო, 32 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ იმ ერთი წაგების გამო მხოლოდ 2 ქულით უსწრებს მდევარს და ლიდერობის შესანარჩუნებლად უცილობლად გამარჯვება ჭირდება.

ტური ქუთაისში, “აია არენაზე” სრულდება. ‘არესი’ 15:30 საათზე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მასპინძლობს. ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, 6 თამაში მოიგეს და მცირე ხნით ლიდერობასაც გაუგეს გემო. ახლა ‘არესი’ 30 ქულით მეორე ადგილზეა და თუ ლიდერს თბილისში ფეხი დაუცდება, პირველი წრის პირველ ადგილზე დასრულების შანსი ექნება.

‘ყაზბეგმა’ სეზონი ორი გამარჯვებით გახსნა, მაგრამ მომდევნო 6 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. სტეფანწმინდელებმა ბოლო სამი თამაში წააგეს, რის გამოც პოზიციები დათმეს და 14 ქულით მე-7 ადგილზე დაეშვნენ. ისინი საფლეიოფო ექვსეულს 6 ქულით ჩამორჩებიან და შანსის შესანარჩუნებლად ყველა თამაშში ქულათა მაქსიმუმის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ.

RUGBY.GE

0.117347