ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთი ვინისიუსს რომ არ გადაეცა, უსამართლობაა.
„სელესაოს“ თავკაცის თქმით, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი იყო და ჯილდოს მოგებას იმსახურებდა.
„ჩემი აზრით, ეს უსამართლობა იყო. ვინც ხმა მისცა, შეცდომა დაუშვეს. როდრი შესანიშნავი ფეხბურთელია და იმსახურებს ამ აღიარებას, მაგრამ ეს ინდივიდუალური ჯილდოა, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი იყო. მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ბრაზილიელი ხალხის პატივისცემას იმსახურებს.
ყველამ ვიცით, რომ ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელი ვინისიუსია, გამარჯვებას იმსახურებდა. ის გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ალბათ, მისი საუკეთესო მიღწევა გუნდური წარმატება იქნება, რომლის მიღწევა დროთა განმავლობაში გვინდა“, თქვა ჟუნიორმა.