ფეხბურთი

23:01 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ვეცდებით, გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და პირველ ადგილზე დავბრუნდეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის მატჩების წინ მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ეცდებიან, რომ წინა თვეში ორი მარცხის შემდეგ სიტუაცია გამოასწორონ და გულშემატკივარი გაახარონ.

"წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა. თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.114507