2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, ბორჯღალოსნები 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ერკინებიან.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას ბორჯღალოსნები საფრანგეთში, მონპელიეში ოლ ბლექს XV-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ.
ბორჯღალოსნებისა და იტალიის შეხვედრა „ლუიჯი ფერარიზე“ ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. „ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).
ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით - გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა ანგარიშით 28:17.
2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.
RUGBY.GE