საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტრავმის შემდეგ ფორმაში დაბრუნება მოახერხა და მზადაა ნაკრებს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.
„ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს.
მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. იყო მცირე ჩავარდნა, იყო უიღბლობაც, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არა მხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს", - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.