საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ სანაკრებო შეკრების დაწყებისა და პირველი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„კონცენტრირებულები ვართ მომდევნო ორი მატჩის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩასატარებლად. გვსურს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო შედეგი დავაფიქსიროთ.
პირველი მატჩი უკრაინასთან გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენ კი, დადებითი განწყობით შევხვდებით ჩეხეთში ჩასატარებელ დასკვნით თამაშს, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება.
ნაკრების სხვადასხვა ქალაქში თამაში ძალიან კარგია, რადგან გულშემატკივარს მაქსიმალურად ეძლევა ნაკრების ხილვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრობა იქნება“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.