ფეხბურთი

21:00 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა
ივან ჰაშეკმა მათ ნაცვლად ორი ფეხბურთელი გამოიძახა

ჩეხეთის ნაკრებს ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩის წინ ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა, რომლებიც გუნდში გამოძახებული იყვნენ.

„სლავიას“ მცველი დავიდ ზიმა, „ჟირონას“ მცველი ლადისლავ კრეიჩი, „სპარტას“ მცველი მარტინ ვიტეკი და „პლზენის“ ნახევარმცველი ლუკაშ კალვახი ნოემბრის შეკრებას გამოტოვებენ.

მათ ნაცვლად, მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა „პუშკაშ აკადემიას“ მცველი პატრიციო სტრონატი და „ბანიკის“ ნახევარმცველი ჟირი ბულა გამოიძახა. ეს უკანასკნელი დებიუტანტია, ხოლო სტრონატი ბოლოს ერთი წლის წინ იყო ნაკრებში გამოძახებული და მის აქტივში სულ სამი მატჩია ჩეხეთის ნაკრების მაისურით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

საქართველო ჩეხეთთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს - ერთი მოგება (4:1), ერთი ფრე (1:1). აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერვე 2024 წელს შეხვდნენ, იქამდე კი, ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ.

0.128628